თათია გაბუნია საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარეა. მისი საფეხბურთო კარიერა და წარმატება ლანჩხუთის „ლანჩხუთში“ იწყება. ის, ასევე, თურქეთის კლუბ amedspor-ის წევრი იყო.
თათიამ საზოგადოების ყურადღება კიდევ უფრო მიიქცია მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეიოფში გავიდა. წინ ორი დაძაბული მატჩი გველოდება. გამარჯვების შემთხვევაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც თათია გვიყვება, მისი ფეხბურთისადმი ინტერესი 10 წლიდან იწყება.
_ ბავშვებთან ერთად ფეხბურთის თამაში დავიწყე ეზოში, ძირითადად, ბიჭებში. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა საქართველოში ქალთა ფეხბურთის არსებობაზე. მეც მქონდა სურვილი, მეთამაშა დიდი ფეხბურთი, მაგრამ იმ დროს განსაკუთრებით რთულად მისაღწევი იყო. ჩემი ჰობი დიდ მიზნად გადაიქცა და ვცდილობდი, უფრო დახვეწილიც ვყოფილიყავი, მაგრამ სტერეოტიპები ყოველთვის წინ მეღობებოდა. ოჯახშიც მქონდა წინააღმდეგობები. მამაჩემი სასტიკი წინააღმდეგი იყო ჩემი თამაშის, მაგრამ დღეს ჩემი ოჯახი ჩემი პირველი გულშემატკივარია.
_ პოპულარობა მაშინ მოვიდა, როდესაც ჩემპიონტთა ლიგის ეტაპზე მოხვდით? როგორ გაიხსენებდი მაგ დროს…
_ დაახლოებით, 9 წელი ვითამაშე ქსკ ლანჩხუთში. გუნდმა დიდი გზა განვლო ჩემპიონობამდე და როდესაც ეს შევძელით, პირველი წელი განსაკუთრებული იყო. ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და ხალხს დავანახეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ქალებს. ამ გამარჯვებით შევძელით ხალხის აზრების შეცვლა და უფრო დავაინტერესეთ ოჯახები ქალთა ფეხბურთით.
_ ბოლო თამაშების შემდეგ რამდენჯერმე აღინიშნა პროფესიონალებისგან და ასევე, საზოგადოებისგან, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ხარ. გჯეროდა, რომ როდესმე საქართველოს ნაკრების მეკარე იქნებოდი?
_ ჩემი სანაკრებო კარიერა 2014 წელს დაიწყო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ეროვნული ნაკრების მეკარე თუ გავხდებოდი. მაგრამ წარმოუდგენელი და შეუძლებელი არაფერია. დავიწყე ასაკობრივი ჯგუფიდან და დღეს ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე ვარ. დღეს უფრო მეტად ვაანალიზებ, რომ თამაშის ნებისმიერი შედეგი ერთი და ორი ფეხბურთელით არ წყდება. იგებს მთელი გუნდი, აგებს მთელი გუნდი, ვიზრდებით და ვაღწევთ წარმატებებს ერთად.
_ ბოლო თამაში შემდეგ ისევ წამოიწია თემა _ არის თუ არა ქალების სპორტი ფეხბურთი და ამასთან დაკავშირებით კამათი ამ დრომდე მიდის, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელში. შენ რას ფიქრობ და რას ეტყვი იმ ხალხს, ვინც ასე ფიქრობს?
_ დღეს, როდესაც ქალთა ფეხბურთი აღარ არის უცხო თემა, მაინც ხდება ისე, რომ სტერეოტიპები თავს გვახსენებს. მიუხედავად წარმატებებისა, მაინც ჩნდება ნეგატიური კომენტარები ფეხბურთი ქალის საქმე არ არის ან ნაკლებად არის, რაც არასასიამოვნოა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ დღეს, როდესაც ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო ერთალიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვა და ახლა პლეიოფის თამაშებისთვის ვემზადებით. კარგი იქნება, თუ დაუფიქრდებით, რა, სად, როგორ და როდის თქვათ ვინც არუნდა იყოს. ნებისმიერ სიტყვას დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლია წარმატების მიღწევაში.
_ რა მოლოდინები გაქვს შემდეგ თამაშზე…
_ შემდეგი თამაშები ირლანდიის ნაკრებთან გვაქვს და მთელი ნაკრები იმაზე მეტად ვემზადებით, ვიდრე აქამდე. ვიცნობთ ამ ნაკრებს და ვიცით, რას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ნაკრებია, დანებებას არ ვაპირებთ. ვიბრძოლებთ თუნდაც მინიმალური ქულისთვის და ვეცდებით, მაქსიმალურის გაკეთებას. ეს ფეხბურთია და თამაში ყველა გუნდთან არის შესაძლებელი.
_ რას ეტყოდი გულშემატკივრებს?
_ ყველაზე დიდ ძალას გულშემატკივარი წარმოადგენს, ჩვენი მეთორმეტე მოთამაშე, რომელიც მისი შეძახილებით გუნდს მუხტავს და აძლევს უსაზღვრო ძალებს. მადლობა მათ ამისთვის.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
ავტორი