საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიულმა კომპანიამ, საქართველოში, 22 მყინვარულ ხეობაში კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა.
„ მყინვარების სრულ მონიტორინგთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოვის ტრაგედიის შესწავლა. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ სრულყოფილი, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის მომზადებაში. სწორედ ამიტომ, პროცესში ჩავრთეთ შვეიცარიელი ექსპერტები. მსოფლიოში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე მოხდა ყველა პროცესის იდენტიფიცირება, გათვლა და გაანგარიშება, რასაც ეფუძნება სააგენტოს დასკვნა. ინფორმაცია, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა, თითქოს შოვში 2 საათით ადრე დაიწყო სტიქია, მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული, არ ეფუძნება კვლევების შედეგებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეგვიძლია შევაფასოთ“, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტის, დანიელ ტობლერის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე შესწავლილი იქნება ყველა არსებული თუ შესაძლო მეწყრული პროცესი, ღვარცოფული ნატანის შესწავლა-დახასიათება და ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რაც მომდევნო 2 თვის განმავლობაში განხორციელდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, შევამციროთ რეალური რისკი, რომელიც გვაქვს დასახლებებში, რომ ვიცოდეთ კრიტიკული ადგილები და შემდეგ გადავიდეთ ამ ცხელი წერტილების მონიტორინგზე. ჩვენ ამას ბოლოს განვსაზღვრავთ. შოვი არის მაგალითი, რომელსაც ვიყენებთ, რადგან ეს იყო რეალური მოვლენა. და შოვის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველა სიმულაციური სცენარი და ვიმუშაოთ ცხელი წერტილების შეფასების მიმართულებით“, – აღნიშნა დანიელ ტობლერმა.