ბულგარელმა სამართალდამცველებმა ბურგასის პორტში, ტრაილერიდან 35 მილიონი ევროს ღირებულების (დაახლოებით 38 მილიონი დოლარი) 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, 434 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან ჯერ საქართველოში, ბათუმის პორტში შემოვიდა, შემდეგ კი შავი ზღვით ბურგასში გადაიტანეს. მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი საბერძნეთი იყო.
ბულგარეთის პროკურატურის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, ივან სოკოლოვის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პორტში ტრაილერი უჩვეულოდ ხანგრძლივად იყო გაჩერებული.
“ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირი აღმოუჩენიათ,” – განაცხადა საოლქო პროკურორმა, ჯორჯი ჩინევმა.
ნარკო-ტრაფიკინგი ბულგარეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.