„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მეუფე ნიკოლოზის განცხადებას გამოეხმაურა.
გუშინ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა:
“ორი აზრი არ არის, ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის… მოსყიდვის არა, ცოტა უფრო კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროგრამა. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, რას უნდა ნიშნავდეს ეს. ამის შესახებ იყო საუბარი და ეს აზრი არ იყო მისაღები. და როდესაც სახელმწიფოს განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია, სახელმწიფოც დაგვეთანხმა ამაში. სახელმწიფოს რომ ვამბობ, ხელისუფლებას ვგულისხმობ”.
მეუფის ამ განცხადება გურამ მაჭარაშვილმა ასე უპასუხა:
“გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ.
მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან ეს გავდა ერთგვარ მესიჯს, რომელიც მან რადიკალურ ოპოზიციას გაუგზავნა და ასეც მოხდა – ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხისადმი მეუფის აგდებული დამოკიდებულება მყისვე აიტაცეს ნაცმოძრაობის წევრებმა და კიდევ უფრო განავრცეს ქილიკი თემაზე.
ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში. გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად“.