საქართველოში საარჩევნო მზადება დაწყებულია. აგვისტოს მიწურულს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. ცესკოსვე მონაცემებით, საბოლოოდ, 27 პარტიამ გაიარა რეგისტრაცია.
პოლიტიკურმა პარტიებმა კარგა ხანია, რაც წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადეს და შესაბამის პოლიტიკური აქტივობასაც შეუდგნენ. გამონაკლისი ამ მხრივ არც ლანჩხუთია. აქაც თანდათან ძალას იკრებს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა და პარტიათა ადგილობრივი ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ოფისებს ხსნიან. ამ ეტაპზე პარტიათა უმრავლესობა, ძირითადად, ადამიანური რესურსის მოძიებითაა დაკავებული, რის შემდეგაც უკვე აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავლენ.
ადამიანური თუ ფინანსური რესურსის ნაკლებობას არ უჩივა მმართველი გუნდი, რომელმაც ამ არჩევნებისთვის ადგილმდებარეობა შეიცვალა და გორგასლის ქუჩაზე გახსნა ლანჩხუთის მთავარი ოფისი.
ივანიშვილის გუნდი დარწმუნებულია, რომ როგორც ყოველთვის, “ქართული ოცნება” ლანჩხუთში დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს.
თითქმის ერთი თვეა, რაც წინასაარჩევნო ფერხულში ჩაერთო პარტია “გახარია–საქართველოსთვის” ლანჩხუთის ორგანიზაცია, რასაც წინ ექს პრემიერ გიორგი გახარიას ლანჩხუთში სტუმრობა უძღოდა . გახარიას გუნდმა ამ არჩევნებისთვის ჟორდანიას ქუჩაზე,, მერიის შენობის სიახლოვეს დაიდო ბინა.
როგორც პარტიაში ამბობენ, ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრები აქტიურ სამუშაო რეჟიმში იმყოფებიან.
“შეხვედრა ქალაქის ცენტრში მოსახლეობასთან! დავარიგეთ გაზეთები და გავაცანით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა. ანალოგიური შეხვედრები პერიოდულად გაგრძელდება, როგორც ქალაქის სხვა უბნებში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში”, – ასეთია გახარიას გუნდის განცხადება
ჟორდანიას ქუჩაზე გახსნა პარტიული ოფისი კოალიცია “ძლიერმა საქართველომ’, რომელიც ,,ლელოს” ,,ხალხისთვის” ,,თავისუფლების მოედანს” ,,მოქალაქეებს” აერთიანებს.
“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ლანჩხუთს სტუმრობდა. იგი მარიამობის დღესასწაულზე აკეთში გამართულ ტრადიციულ დოღს დაესწრო კოალიციის სხვა წევრებთან და ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად.
“თამამად შეიძლება განვაცხადო, რომ 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მართლა ღირსებით შემკულ ევროპულ განვითარებასა და განგსტერულ-ავტოკრატულ მმართველობას შორის. დიახ, ვერც კი წარმომიდგენია რა სავალალო შედეგი მოჰყვება “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ოთხი წლით რომ გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა. სწორედ ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, კარგად აწონ-დაწონოს ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს ბიძინა ივანიშვილის სტილში ისევ მართულ კვაზისახელმწიფოს, რომელიც სრულიად დაცლილი იქნება დასავლული, ცივილიზებული ღირებულებებისაგან და სრულიად სავსე იქნება იერშეცვლილი საბჭოური წესწყობილებებით და იმ მანკიერი ავტოკრატიული გამოვლინებებით, რომელიც სრულიად მოშლის დამოუკიდებლობის ხარისხს, გამოიწვევს დასავლური სამყაროსგან იზოლაციას და ძალაუნებურად აღმოვჩნდებით რუსული იმპერიის კლანჭებში, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ბოლოს მოუღებს.
ყველამ, დიდმა თუ პატარამ, კარგად უნდა შეიცნოს ის ზრახვები, რაც „ქართული ოცნების“ არქიფოსეულ მმართველობას აქვს და სამართლიანი ეჭვი შეიტანოს ამ სინდიკატად ქცეული ძალის გულწრფელობაში. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ქვეყანაში დასაბამი მივცეთ ქვეყნის ახალი მართვის სტილს, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ერთი ძალის ჰეგემონიაზე, არამედ კოალიციურ მართვაზე, სადაც რამდენიმე სუბიექტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, გაცილებით დაბალანსებული და სწორი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. კერპების შექმნის მავნე პრაქტიკასაც ბოლო მოეღება და გადაწყვეტილებებიც ბევრად ეფექტური და რაც მთავარია, სრული კონსესუსის დონეზე იქნება მიღებული.
„ძლიერი საქართველო“ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის კოალიციურ მართვაში და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს, ამ არჩევნებში ის შედეგი დადოს, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება კოალიციური მმართველობისთვის”, – ასეთ შეფასებას აკეთებს “ძლიერი საქართველოს” ლანჩხუთელი ლიდერი გოჩა ჯანაშია.
წინასაარჩევნოდ მუშაობას შეუდგა კოალიცია “ცვლილებისთვის” ლანჩხუთის ოფისი, რომელსაც რობერტ წილოსანი ხელმძღვანელობს.
ლანჩხუთში ოპოზიციური ფლანგიდან ერთადერთი “ნაციონალური მოძრაობაა’, რომლის ოფისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ იხსნება და ის არჩევნებიდან არჩევნებამდე მუდმივად სამუშაო რეჟიმშია. რაც, ერთის მხრივ, მათ ფინანსურ სიძლიერეზეც მიუთითებს.
“მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხეულებებისა, ყველას ვალია, ერთად ვიზრუნოთ, 26 ოქტომბრის შედეგები ასახავდეს თქვენს ნებას და არა მმართველი პარტიის სურვილებს, ყველაფრის ფასად მე-4 ვადით შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ მთავარი ხართ თქვენ და თქვენი ჯანსაღი და მაღალი სამოქალაქო კულტურა, თვალი არ დახუჭოთ იმ დარღვევებზე, მოსყიდვაზე და ზეწოლაზე, რომელსაც ყველა გადამწყვეტი არჩევნების წინ მიმართავას მმართველი პარტია. გახსოვდეთ, რომ თქვენი დუმილით ახალისებთ ძალადობას, მოსყიდვას და ხელს უწყობთ, 26 ოქტომბრის საბოლოო შედეგი, არ გამოხატავდეს თქვენს რეალურ ნებას, რაც საბოლოოდ დაანგრევს ამ ქვეყნის უკეთესს მომავალს!
თუ საზოგადოება არ იქნება აქტიური, მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებს ყველა ფაქტის გამოვლინებას!’, _ ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერის, კახა ასკურავას მიმართვა ამომრჩევლისადმი.
26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო მოიმატებს წინასაარჩევნო დუღილის ტემპერატურა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე ლანჩხუთშიც.