გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. აგრესორი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეხმაურება და ამ ფაქტს სამხედრო კონფლიქტში აშშ-ის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უშუალო ჩართვად აფასებს, _ იუწყება „მთავარი არხი“.
“აქ არ არის საუბარი იმის თაობაზე, მისცემენ თუ არა კიევის რეჟიმს უფლებას დაარტყას რუსეთს ამ იარაღით, საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას იმაზე, უშუალოდ მონაწილეობენ თუ არა ნატოს ქვეყნები სამხედრო კონფლიქტში.
თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატოს ქვეყნების, აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში.
ეს არის მათი უშუალო მონაწილეობა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის არსს, ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები, აშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომობენ. და თუ ეს ასეა, მაშინ, ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის შეიქმნება“. – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, The New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია წერს, რომ იარაღებს, სავარაუდოდ, კურსკის რეგიონში, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ უკრაინული ძალების დასაცავად გამოიყენებენ.