სოციალური სამართლიანობის ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა. გარესამყაროს მოწყვეტილი არაერთი სოფლის მაცხოვრებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არსებითი და მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა რეგიონებში არსებულმა სიღარიბემ ჩვენი თანამოქალაქეები ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა.
“სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ იმერეთი და გურია სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას განიცდის – მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო საშუალო ხელფასი – დაბალი.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია რეგიონებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია. მხოლოდ 2020-2024 წლებში იმერეთის მოსახლეობა 9.2%-ით, ხოლო გურიის მოსახლეობა – 5.8%-ით შემცირდა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.
ამას გარდა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გურიაში მოსახლეობის რაოდენობა 13.1%-ით შემცირდა.
“2023 წლისთვის საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1766.8 ლარი იყო.
გურიაში საშუალო ხელფასი 991.4 ლარი იყო. ამ მაჩვენებლით იგი საქართველოს რეგიონებში ბოლოს წინა ადგილს იკავებს.
2023 წლის მონაცემებით, გურიაში უმუშევრობის დონე 16.1 %-ია.
გურიის მოსახლეობის 55.9% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ითხოვს.
მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია: ჩოხატაურში 69.5%.
გურიის მოსახლეობის 26.7% საარსებო შემწეობის მიმღებია.
საარსებო შემწეობის მიმღებთა განსაკუთრებით დიდი წილი რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში- 31.4%”.