ხელისუფლება რეპრესიული კანონებით, საარსებო არხების გადაკეტვით, დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაქრობას ცდილობს. ეს რეალური საფრთხეა და სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დღეს, 13 აგვისტოს დროებით გაითიშა. გათიშვისას კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედია საზოგადოებისთვის, რამდენად აღელვებთ მოქალაქეებს მათთვის სანდო ვებ გვერდების “ჩაბნელება“.
დღევანდელი სიმბოლური გათიშვა ნაწილია კამპანიისა _ „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“! კამპანიის მიზანი კი დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით. კამპანიის ოფიციალური ვებგვერდია: https://sinatle.media/
კამპანია სვამს მთავარ კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება, თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს?
კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეორგოლში ჟურნალისტები სწორედ ამ კითხვებს პასუხობენ: როცა სინათლე ქრება, ქრება სიმართლეც; როცა სინათლე ქრება, არ გვესმის ერთმანეთის ხმები; სიბნელეში ვერ გავიგებთ, როგორ იღუპებიან ადამიანები სახელმწიფოს უპასუხისმგებლობით; ვერ გავიგებთ, როგორ მიდის ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები ჩინოვნიკების ჯიბეში….
კამპანიის მიზანია, მედია და მკითხველი საზოგადოება გააერთიანოს ერთი მხრივ – თავისუფალი მედიის, და მეორე მხრივ – საზოგადოების გადასარჩენად, რომელიც მედიის გარეშე, სიბნელეში ცხოვრებისთვისაა განწირული.
კამპანიის ოფიციალური ვებგვერდია: https://sinatle.media/
ანგარიშის ნომრები:
#GE76TB7548536080100013;
#GE06BG0000000609779465
კამპანიაში ჩართული ონლაინმედიები: ბათუმელები; ნეტგაზეთი; პუბლიკა; ინდიგო; ქართლის ამბები; გურია ნიუსი; სამხრეთის კარიბჭე; Chai Khana; Info imereti; სტუდია მონიტორი; ქუთაისიპოსტი; OC Media; რადიო მარნეული; აჭარა თაიმსი; აი, ფაქტი; პროექტი 64; მედიაჩეკერი; ჩემი ხარაგაული; აპრილი; გურიის მოამბე; TOK2Region; Jnews.ge.





























































