მისივე შეფასებით, ყველაფერი ფერმერის ხელშია და საუბარი იმაზე, რომ თხილის სექტორში შეიძლება იყოს მონოპოლია, სრულიად აზრს მოკლებულია.
„თხილის ფასი განისაზღვრება თურქეთის ბაზარზე არსებული დეფიციტით, რაც ხსნის საქართველოს შესაძლებლობებს, რომ კიდევ უკეთესად გავიდეს მსოფლიო ბაზარზე და უკეთესი ფასები მიიღოს.
რაც შეეხება წლევანდელი მოსავლის მოლოდინს, დაახლოებით 5%-ით მეტია შარშანდელ მოსავალთან შედარებით. კარგი ის არის, რომ ხეების ხმობის პროცესი მოსავლიანობაზე იმდენად არ აისახება, პრობლემა აქ ის არის, რომ დაავადება სწრაფად ვითარდება. ამიტომ მკაფიო ნაბიჯებია გადასადგმელი. ერთის მხრივ გვაქვს კარგი მოსავალი და ძალიან კარგი ფასი და მეორეს მხრივ გვაქვს პრობლემა,“ – აღნიშნა ჭითანავამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებს ფინანსური რესურსი გადასცეს, მათში ბაღების მოვლის მოტივაცია ძალიან დაბალია.
„ადამიანებს ერთი და იგივე რამის კეთების ხალისი აქვთ დაკარგული. ამ დარგში არ არის სიახლე და ის დასავლეთ საქართველოში ერთგვარად მემკვიდრეობით საქმიანობას წარმოადგენს.
კიდევ ერთი მიზეზია, სოფლებიდან ქალაქში ახალგაზრდების მაღალი მიგრაცია, რის გამოც ძალიან ჭირს მუშახელი. ძირითადა ამას ასაკოვანი ადამიანები აკეთებენ და ეს აფერხებს პროცესს.
მეორეს მხრივ, ამ წლების განმავლობაში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით მოხდა ფერმერების გადაკვალიფიცირება, ტრენინგებში მონაწილეობა, ცნობიერების ამაღლება. ჩვენ მინიმუმ 30 000 ადამიანს ჯგუფურად გადავეცით შესაწამლი აპარატები. ანუ დღეს ფერმერს აქვს ცოდნა, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოუაროს ბაღს ან თუ არ იცის, აქვს წვდომა აგროკონსულტანტებთან. ასევე 3500 უფასო თხილის შესაწამლი აპარატი გადავეცით ფაროსანასთან საბრძოლველად. ამის მერე იყო აგროქიმიკატების პრობლემა და 5-6 წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის მაღაზია გაიხსნა, რომლის 80% მანამდე არ იყო. კიდევ ერთი კომპონენტი იყო იმ 500-ლარიანი ვაუჩერების გამოყოფა აგროქიმიკატებისთვის. თუმცა, ეს 500 ლარი მინიმალური რაოდენობაა იმ აგროქიმიკატების, რაც ფერმერს სჭირდება, რომ უმაღლესი ხარისხის თხილი მიიღოს. 500 ლარის აგროქიმიკატის გამოყენების შემდეგ, საოჯახო მეურნეობას ჰექტარზე, უარეს შემთხვევაში შეუძლია მიიღოს 40% -იანი გამოსავლიანობის თხილი. ეს არის ხარისხის ინდიკატორი. დღეს თხილის გულის ფასი არის 19-20 ლარი, შესაბამისად, 40%-იან თხილზე ფერმერს შეუძლია 7.5-8 მიიღოს. ამაზე მეტი შემოსავალი სოფელში რა უნდა იყოს?! თუ ფერმერები დაგვანახებენ, რომ აქვთ სურვილი, მოუარონ პროდუქციას, რესურსების მოძიება პრობლემა აღარ არის,“ – განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
ასოციაციის თავმჯდომარე აზრს მოკლებულს უწოდებს ვერსიას, სექტორში მონოპოლიის არსებობის შესახებ.
„საქართველოში 70 000 ოჯახია ჩართული თხილის ბიზნესში, რაც არის 200 000-მდე ჩვენი მოქალაქე და ქვეყნის მოსახლეობის 7%. ამის გარდა ქარხნები, გადამამუშავებლები, დამატებით შემოსავალს ღებულობს ამ პროცესისგან. აქ ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია თხილის კულტურა და სოციალური მნიშვნელობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის. რადგან ასეთი მნიშვნელობა აქვს თხილის სექტორს, დიდი ადგილი უკავია სპეკულაციებსაც, საუბარი იმაზე, რომ სადღაც შეიძლება იყოს მონოპოლია, სრულიად აზრს მოკლებულია, რადგან საქართველო ვაჭრობს ევროკავშირის ბაზარზე, არის დაახლოებით 50 მსხვილი ექსპორტიორი და დაახლოებით 150-მდე მცირე მწარმოებელი. აქ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ გარდა მოთხოვნისა ვინმემ რამე ფასი განსაზღვროს, ანუ საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, ევროკავშირის მოთხოვნა კი ძირითადად ფორმირდება თურქეთის ბაზრის მდგომარეობით.
შესაბამისად აქ გვაქვს ჯანსაღი და სწორი ბაზარი, სადაც ფუნდამენტი არის ფერმერი. ანუ, რამდენად ხარისხიანი და სწორი მოსავალი გვაქვს, იმდენად ძლიერი ვართ მსოფლიო ბაზარზე. აბსოლუტურად ყველაფერი არის ფერმერების ხელში – თუ პროდუქცია ხარისხიანი არ არის, ვართ ყოველთვის მეორადი ბაზარი, მაღალი ხარისხი კი აბსოლუტურად მასზეა დამოკიდებული,“ – განაცხადა მერაბ ჭითანავამ გადაცემაში „საქმე“.
































































