საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, რაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდული მატებითაა განპირობებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიხედვით, წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3 224 %-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2025 წლის იანვარში საქართველოდან 1 689 900 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე, რაც ადგილობრივ ექსპორტში 0.9 % იყო.
2026 ის იანვარში კი საქართველომ 56 180 200 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიტანა ექსპორტზე, რაც ადგილობრივი ექსპორტის 18 %-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 51.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 16.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 24.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი).
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.1 პროცენტით გაიზარდა და 312.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
აქ ასევე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, შემცირებულია ყურძნის ნატურალური ღვინოების, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
ჩინეთი (64.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (49.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (34.8 მლნ. აშშ დოლარი).






























































