ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით.
“როდესაც საუბარია ჩვენს სახელისუფლებო გუნდზე, ორი კრიტერიუმია ჩვენთვის განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება. ამ შემთხვევაშიც, როდესაც მიიღებოდა საკადრო გადაწყვეტილებები, ეს ორი კრიტერიუმი იყო განსაკუთრებული ყურადღებით მხედველობაში მიღებული მთლიანად გუნდის მიერ. დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით,”- აღნიშნა კობახიძემ.




































































