ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში საბავშვო ბაღების მშენებლობა ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო _ 2023 წელს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული 8 ახალი ბაღიდან იანეულის პროექტი კვლავ ქაღალდზე რჩება. აღსანიშნავია, რომ იანეულის საბავშვო ბაღის შენობა 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით გამოწვეული სტიქიის შემდეგ ავარიულად იქცა, თუმცა ადგილობრივების მიერ ნანატრი სახელმწიფო შესყიდვა ამჯერადაც არ შედგა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესყიდვა მიმდინარე წლის 6 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 10 ივლისს დაიწყო და ვადა 13 ივლისს ამოიწურა. ტექნიკური დავალება მოიცავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულსა (ს/კ 28.13.23.046) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებასა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
ცნობისთვის, სოფელ იანეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2019 წლის 18 მარტს დააანონსა. გურიის მხარის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი ბაღები უნდა აშენებულიყო საჭამიასერში, იანეულში, სუფსაში, ხაჯალიასა და აცანაში.
მოგვიანებით, 2023 წელს, კიდევ ერთი დაპირება გაიცა. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო:
პირველი ეტაპი: გუთურის, გოგოლესუბნის, ზომლეთისა და შუა ამაღლების საბავშვო ბაღების მშენებლობა.
მეორე ეტაპი: იანეულის, ქვენობანის, დაბლაციხისა და გორაბერეჟოულის საბავშვო ბაღების მშენებლობა.
თუმცა, ამ დრომდე მუნიციპალიტეტში არცერთი ახალი ბაღი არ აშენებულა.
შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირველი ეტაპის კონტრაქტორი კომპანია გახდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს “ლაგ კაპიტალთან” ხელშეკრულება, რომელიც 2023 წლის 10 მაისს გაფორმდა, 2025 წლის 17 თებერვალს ცალმხრივად შეწყვიტა. მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობა და სამშენებლო ობიექტების თვეობით გაჩერება იყო.
სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და “ლაგი კაპიტალის” მფლობელები დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლებაში, ფულის გათეთრებასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში. ბრალდებულებს სასჯელის სახით 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, ფონდმა ახალი ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 31 მარტს გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 5 129 492 ლარს შეადგენდა. ტენდერში შპს “მოდერნ ბილდინგ კომპანიმ” გაიმარჯვა, თუმცა ოთხი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა საბოლოოდ მაინც შეწყდა, რის გამოც ამ სოფლებში მშენებლობა კვლავ გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
“გურია ნიუსმა” მუნიციპალური განვითარების ფონდს იანეულის ბაღის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით 2026 წლის მაისში მიმართა. ფონდში განაცხადეს:
“მიმდინარეობს 25-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ტიპური პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის ფარგლებშიც შემდგომ მოხდება ანალოგიური პროექტის მორგება სოფელ იანეულში მშენებლობის განსახორციელებლად”.
ჩოხატაურის ამ დროისთვის უკვე ყოფილმა მერმა, დავით შარაშიძემ კი 2025 წლის 4 სექტემბერს წერილობით გვიპასუხა, რომ მერიამ შესაბამის სტრუქტურებს მიაწოდა რეკომენდაცია პირველ ეტაპზე ასაშენებელი ბაღების შესახებ, რომელთა შორის იანეულის საბავშვო ბაღიც არის შეყვანილი. მიუხედავად ამისა, რეალური სამუშაოები ადგილზე ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
ავტორი

































































