აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას საგანგებო გაფრთხილებით მიმართავს – 4 ივლისს მდინარე აბაშის ნაპირზე მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებსაც უცხო ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ, შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს.
განგაშის საფუძველი ქალაქ აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ძაღლის მოულოდნელი სიკვდილი გახდა.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მფლობელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაღუპულ ცხოველს 4 ივლისს მდინარე აბაშის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ადგილობრივი მცხოვრები შეეხო. ცოფის პრევენციის მიზნით, რაც ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროულ სამედიცინო ჩარევას გულისხმობს, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ!
აბაშის მუნიციპალიტეტში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ძაღლის სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.
მეპატრონის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 4 ივლისს ძაღლი იმყოფებოდა მდინარე აბაშის ნაპირზე, სადაც მასთან შეხება ჰქონდათ იქ მყოფ მოქალაქეებს.
ცოფის შესაძლო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, იმ პირებს, რომლებსაც 2026 წლის 4 ივლისს მდინარე აბაშის ნაპირზე უცხო ძაღლთან ჰქონდათ ნებისმიერი სახის კონტაქტი, გთხოვთ, დროულად დაუკავშირდეთ აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
595 80 15 07
595 80 15 08“,-აღნიშნულია განცადებაში.

































































