ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ამავე სოფლის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში გადიან. სკოლის ძველი შენობა, სადაც 55 მოსწავლე სწავლობდა, დემონტაჟს ექვემდებარება.
„სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის შენობა 1973 წელს არის აშენებული. მისი დემონტაჟი მალე დაიწყება“, — განუცხადა „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, შორენა სიხარულიძემ.
„გურია ნიუსი“ სოფელ საჭამიასერში მიმდინარე კვირის სამშაბათს იმყოფებოდა. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა გვითხრა, ზუსტად არ იციან, როდის მოხდება ძველი სკოლის დემონტაჟი და ახალი შენობის მშენებლობა. ადგილზე ყოფნისას ადგილობრივები ამ საკითხზე ღიად საუბარს ერიდებიან.
„ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ბავშვები არიან“, — ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი, ბაჩო ახალაძე. მისი თქმით, საჭამიასერის მოსახლეობა კვლავ ელოდება იმას, რაც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ადამიანის ელემენტარული უფლებაა — სკოლას, გზასა და სასმელ წყალს.
„ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ბავშვები არიან. სოფელს დღემდე არ აქვს საკუთარი სკოლა და მოსწავლეებს განათლების მიღება ძველი საავადმყოფოს შენობაში უწევთ, რომელიც სასწავლო პროცესისთვის სრულიად შეუფერებელია. ხელისუფლებამ ბავშვებს წაართვა უფლება, ისწავლონ უსაფრთხო, თანამედროვე და ღირსეულ გარემოში. ეს მხოლოდ შენობის პრობლემა არ არის, ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი მომავლის მიმართ.
ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, პროფესიული თვალსაზრისითაც კი ცალსახაა: ყველა კვლევა ადასტურებს, რომ გარემო, სადაც ბავშვი იზრდება და სწავლობს, პირდაპირ განსაზღვრავს მის მოტივაციას, თვითშეფასებასა და განვითარების შესაძლებლობებს. შესაბამისად, როდესაც მოსწავლე ყოველდღე ხედავს ამორტიზებულ შენობას, მოუწესრიგებელ ეზოსა და ინფრასტრუქტურის არარსებობას, მას უჩნდება განცდა, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არ არის. ასეთი გარემო აჩენს უიმედობას, ამცირებს სწავლისადმი ინტერესს და საბოლოოდ მომავალ თაობას ართმევს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შანსს“, — განაცხადა ბაჩო ახალაძემ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე განმარტავს, რომ სკოლის შენობის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდა მრავალრიცხოვანი და ღრმა ბზარები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და საფრთხე შეუქმნა შენობის მდგრადობასა და უსაფრთხოებას:
„შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ მიმართა შესაბამის უწყებებს. ადგილზე იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
პირველადი შეფასების საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სასწავლო პროცესის შეჩერება, ვინაიდან არსებული დაზიანებები რეალურ საფრთხეს ქმნიდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება პროცესის დროებით ალტერნატიულ სივრცეში გადატანის შესახებ.
მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეირჩა ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ექსპერტებმა შეისწავლეს მისი ტექნიკური მდგომარეობა და გასცეს რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც სკოლას მიეცა უფლება, სწავლა დროებით იქ გაეგრძელებინა. ახალი სკოლის მშენებლობა გათვალისწინებულია მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში, რის შესახებაც სკოლას ოფიციალურად ეცნობა“.
შორენა სიხარულიძემ ასევე აღნიშნა, რომ სკოლის ადმინისტრაციას შესთავაზეს, სასწავლო პროცესი მეორე ცვლაში, კოხნარის საჯარო სკოლაში გაგრძელებულიყო, თუმცა მეორე ცვლაში სწავლა ადგილობრივებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.




































































