დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლე ბეტინა ადასტურებს, რომ მათი საქორწილო ზეიმი ნაწილობრივ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირის მქონე პირმა დააფინანსა, _ იუწყება The Associated Press.
ორშაბათს დილით, წყვილის სახელით Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბეტინა ტრამპმა დაწერა, რომ ეს პირი _ უმარ კრემლევი, მათი „ახლო მეგობარია“, რომელმაც „ძალიან გულუხვად უმასპინძლა ჩვენს ორ დაუვიწყარ საღამოს ქორწილის შემდეგ“.
„ეს იყო მეგობრის მხრიდან უაღრესად გულუხვი საქორწილო საჩუქარი, რისთვისაც ჩვენ უზომოდ მადლიერნი ვიყავით და ვრჩებით“, _ ნათქვამია პოსტში.
საგამოძიებო ვებგვერდმა ProPublica-მ მანამდე, ორშაბათსვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპ უმცროსისა და ბეტინა ანდერსონის ქორწილი ბაჰამის კუნძულებზე მნიშვნელოვანწილად დააფინანსა კრემლევმა _ რუსმა ოლიგარქმა, რომელიც კრივის საერთაშორისო ასოციაციას ხელმძღვანელობს.
ProPublica-ს ცნობით, კრემლევმა „დაფარა ქორწილთან დაკავშირებული ასობით ათასი დოლარის ხარჯები“, მათ შორის, იმ ორი კერძო კუნძულიდან ერთის იჯარა, სადაც სამდღიანი ზეიმი და ფეიერვერკების შოუ გაიმართა.
პოსტში ბეტინა ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და პრეზიდენტის ვაჟი დაქორწინდნენ დახურულ ცერემონიაზე, „მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში“.
ეს საჩუქარი იმ ფონზე კეთდება, როდესაც რუსეთი უკრაინაში კვლავ აწარმოებს ომს, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო დაპირებული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
კრივის საერთაშორისო ასოციაციის ცნობით, კრემლევი ცოტა ხნის წინ პუტინმა „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.



































































