უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ და ეფექტურად მოხდეს 29–30 ნოემბერს სამართალდამცავების მხრიდან რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის, წამებისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტების გამოძიება.
“უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად აკვირდება შეკრებებსა და მანიფესტაციებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, როგორც საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების, ისე მათი მიმდინარეობისას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ქმედებების ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
29 და 30 ნოემბერს გამთენიისას შსს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის დაშლა და მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. განსაკუთრებით საგანგაშო იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. არაოფიციალური მონაცემებით, 29 და 30 ნოემბერს, სულ მცირე 30 ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. გარდა ამისა, გამიზნულად მოხდა ჟურნალისტური აპარატურის დაზიანება.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორცილებული დევნისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, პოლიციის წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მიმართული არა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების პროცედურების განხორციელებისკენ, არამედ შეიცავდა შურისძიების მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ნიშნებს”,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.