26 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ახალი დადგენილების პროექტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის დასუფთავების მოსაკრებლის წესებსა და კონკრეტულ ტარიფებს ადგენს. მერიის მიერ მომზადებული დოკუმენტით, სრულად უქმდება 2019 წლიდან მოქმედი რეგულაციები და ძალაში შედის ახალი ინსტრუქცია, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს აწესებს კურორტ ბახმაროსთვის.
საკრებულოს გვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების ოფიციალური დანართების მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ლარის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებსა და მეწარმეებს ივლისიდან.
ახალი ინსტრუქციის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაწესებული გადასახადი მკვეთრად განსხვავდება გეოგრაფიული ზონების მიხედვით:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (ბახმაროს გარდა): მოსაკრებელი განისაზღვრა ერთ სულზე 0.50 ლარით თვეში. თუმცა, ოჯახებისთვის მოქმედებს შეღავათი _ წევრების რაოდენობის მიუხედავად, მაქსიმალური ზღვარი 4 სულით (ანუ მაქსიმუმ 2 ლარით) შემოიფარგლება.
დაბა ბახმარო: ვინაიდან კურორტზე ნარჩენების მართვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, აქ მოსაკრებელი 10-ჯერ მეტია და ერთ სულზე 5 ლარს შეადგენს. ბახმაროშიც მოქმედებს 4-სულიანი მაქსიმალური ზღვარი, რაც ნიშნავს, რომ ოჯახი თვეში მაქსიმუმ 20 ლარს გადაიხდის.
კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილება მკაფიოდ განსაზღვრავს იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც დასუფთავების მოსაკრებელს საერთოდ არ გადაიხდიან:
_ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-ს არ აღემატება;
_ იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები);
_ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
_ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები;
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ები (არასამეწარმეო იურიდიული პირები).
ასევე, გადასახადი არ დაერიცხებათ იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დროებით არ ფუნქციონირებენ და თვის განმავლობაში ნარჩენს საერთოდ არ წარმოქმნიან (ამის შესახებ მერიას წერილობით 30 დღეში უნდა აცნობონ). ხოლო თუ მოქალაქე ჩოხატაურიდან ერთ თვეზე მეტი ვადით მიდის, მას შეუძლია წინასწარ განაცხადოს და გადასახადი შეუმცირდება (ეს წესი ბახმაროზე არ ვრცელდება).
ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისთვის ტარიფები დაკავებული ფართის ან ნარჩენების კუბური მეტრის მიხედვით დაანგარიშდება (მაქსიმუმ 25 ლარი 1 კბმ-ზე).
ჩოხატაურის ტერიტორიაზე მოქმედი ობიექტებისთვის:
სასურსათო მაღაზიები: მცირე ფართებისთვის _ 0.35 ლარი 1 კვმ-ზე, დიდებისთვის _ 25 ლარი;
რესტორნები, ბარები, კაფეები: 25 ლარი 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე;
სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები: 3 ლარი თვეში თითოეულ საწოლზე (მომსახურების ერთეულზე);
ოფისები, ბანკები, სახელმწიფო ორგანიზაციები: 0.10 ლარი 1 კვმ-ზე (იუსტიციის სახლი _ 0.11 ლარი);
სკოლები, ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები: 0.10 ლარი ერთ მოსწავლეზე;
სილამაზის სალონები: 0.80 ლარი 1 კვმ-ზე;
აფთიაქები და საცხობები _ 0.50 ლარი 1 კვმ-ზე;
კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე მოქმედი ბიზნესისთვის ტარიფები ფართის მიხედვით ფიქსირებულია:
სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები, საცხობები, აფთიაქები, აბანოები და სალონები: 1 ლარი საერთო ფართის 1 კვმ-ზე;
სასტუმროები: 3 ლარი 1 კუბურ მეტრზე;
ოფისები და ბანკები: 0.30 ლარი 1 კვმ-ზე;
ღია ტიპის გასართობი ადგილები და ატრაქციონები: 0.30 ლარი 1 კვმ-ზე.
მოსაკრებლის ადმინისტრირებას სრულად განახორციელებს ააიპ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სერვის ჯგუფი”.
ინოვაცია ის არის, რომ სერვის ჯგუფი მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (SMS) გაუგზავნის, სადაც მითითებული იქნება გადასახადის ზუსტი ოდენობა და დასაბუთებული გაანგარიშება.
გადახდა მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ჩოხატაურის ტერიტორიაზე თანხა უნდა დაიფაროს ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, ხოლო ბახმაროს შემთხვევაში _ შეტყობინების მიღებიდან სულ რაღაც 5 დღის ვადაში. მოსაკრებლის გადაუხდელობა ჩაითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.
ჩოხატაურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის, ბექა შენგელიას ოფიციალური დასკვნით, წარდგენილი დადგენილების პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ “ორგანული კანონის _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” (24-ე და 93-ე მუხლები) და “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, თავად შემოიღოს, გააუქმოს ან განსაზღვროს ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობა. შესაბამისად, 2019 წლის ძველი დადგენილების გაუქმება და ახლის მიღება სრულიად ლეგიტიმური პროცესია“.
ავტორი
































































