საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას რუსეთის მოქალაქე დენის კულანინის რუსეთში დეპორტირება. ორგანიზაციის შეფასებით, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მას წამების, თვითნებური დაკავებისა და რეპრესიების რეალური საფრთხე ემუქრება.
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, კულანინი საჯაროდ უპირისპირდებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მხარს უჭერდა ალექსეი ნავალნის, რაც რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით პატიმრობით ისჯება.
„საქართველო ვალდებულია დაიცვას არგაძევების პრინციპი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი პირის ისეთ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტურად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი. დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში პატიმრობაში იმყოფება.
ფოტო: პუბლიკა





































































