უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის მშვიდობიანი მოგვარების პროცესთან დაკავშირებით „კრეატიული იდეები“ აქვს. ამის შესახებ მან კიევში, გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიბიგამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან სამშვიდობო ძალისხმევის მაქსიმალური გააქტიურების აუცილებლობას.
„რაც შეეხება სამშვიდობო ძალისხმევას — ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური გააქტიურება. სამწუხაროდ, ახლა პაუზის ეტაპზე ვართ და ამერიკული მხარის უფრო აქტიური მონაწილეობა გვესაჭიროება. ჩვენ მივესალმებით ამერიკის ლიდერობას, რადგან აშშ-ის გარეშე ამ სიტუაციაში პროგრესისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა არარეალურია“, — აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ აღნიშნულ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას უკვე ისაუბრა. ამასთან, უკრაინული მხარე კიევში ამერიკელი მოლაპარაკეების ვიზიტს ელოდება.
„ახალი აქტიური პოლიტიკურ-დიპლომატიური სეზონი, პირველ რიგში, იმისკენ უნდა იყოს მიმართული, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი. ამისთვის კი ერთადერთი დაბრკოლება არსებობს — ეს პუტინია“, — დასძინა სიბიგამ.
ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში იგეგმება ძალისხმევა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის შესაფასებლად. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები — სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი — სავარაუდოდ, კიევს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას ეწვევიან.




































































