იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანას მონაცემები გაუარესებული აქვს, რაზეც გავლენა კორონავირუსმა იქონია.
“PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემები. იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და თუ მიაქცევთ ყურადღებას, კოვიდის პერიოდში არა მხოლოდ ჩვენი, მთლიანად ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული და ამის მიზეზი გახლავთ კოვიდპანდემია. ამაზე განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც. რაც შეეხება საქართველოს – ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის. ანუ, იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, თუმცა თუ გადახედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე და OSED-ის ძალიან ბევრ ქვეყანას მონაცემები გაუარესებული აქვს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ინტერპრესნიუსთან.
შეგახსენებთ, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 15 წლის მოზარდებში წაკითხულის გააზრების მიხედვით საქართველო 81 ქვეყნიდან, 67-ე ადგილზეა.
2018 წელთან შედარებით, 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.