საქართველოში ნედლი რძის მაღალი ფასის მიუხედავად, რაც წესით დარგს ინვესტორებისთვის მიმზიდველს უნდა ხდიდეს, სექტორში მსხვილი კაპიტალის შემოსვლა მაინც ვერ ხერხდება. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კონიაშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ პროცესს გაუკონტროლებელი ბაზარი და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია აფერხებს. მისივე შეფასებით, ეტიკეტირების ახალი წესები წარმოებას ვერ გაზრდის, სანამ სახელმწიფო პირველად ბაზარზე კონტროლს არ გაამკაცრებს და ფერმერებს რეალურ ფინანსურ მხარდაჭერას არ შესთავაზებს.
„ინვესტორი ხედავს დიდ რისკებს, რადგან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში ჩადებული თანხების უკუგება შეიძლება ვერ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნედლი რძის ფასი საქართველოში ძალიან მაღალია და ეს წესით ინვესტორებს უნდა იზიდავდეს, პროცესს სწორედ გაუმართავი გარემო აფერხებს,“ — აცხადებს კახა კონიაშვილი „საქმის კურსთან“.
მისივე თქმით, სანამ ბაზარზე იარსებებს სეგმენტი, რომელიც გვერდს უვლის სტანდარტებს, ლეგალურ ბიზნესს განვითარება გაუჭირდება.
რძის ხარისხთან დაკავშირებულ კითხვაზე საუბრისას, ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრობლემა არა მსხვილ ფერმებში, არამედ გაუკონტროლებელ, პირველად წარმოებაშია. მისი თქმით, მსხვილი კომპანიები, რომლებიც გადამმუშავებელ ქარხნებს რძეს აწვდიან, მკაცრად კონტროლდებიან, თუმცა ბაზრის მეორე ნაწილი სრულიად ქაოსურია.
„პრობლემა სწორედ ის გაუკონტროლებელი ბაზარია, სადაც ეფექტიანი მონიტორინგი ვერ ხორციელდება. პროდუქტი, რომელიც უბნის მაღაზიებსა თუ ჰორეკა (HoReCa) სექტორში ხვდება, ხშირად არ შეესაბამება სტანდარტებს. სწორედ აქ ჩნდება ხარისხის პრეტენზიები. არც მე და არც თქვენ არ იცით, იქ რას მივირთმევთ,“ — აღნიშნა მან.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას, რომ პროდუქციის ახალი ეტიკეტირება ნედლ რძეზე მოთხოვნას და შესაბამისად წარმოებას გაზრდის. რეალურად წარმოების გასაზრდელად კი კონტროლის გაძლიერება და მხარდამჭერი პროგრამები უნდა გახდეს.
„მანამდე საუბარი იმაზეც იყო, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევდა ქართულ ნედლ რძეზე მოთხოვნის ზრდას, რაც შესაბამისად წარმოების ზრდას გამოიწვევდა. თუმცა, ამ საკითხის მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვართ განწყობილი, რადგან წლების მანძილზე, რამდენჯერაც იცვლებოდა ეტიკეტირების წესი, სულ იყო განმარტებები, რომ ამას მოჰყვება ნედლი რძის წარმოების ზრდა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ამიტომ, ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ რეალური ზეგავლენა წარმოების ზრდაზე უნდა ჰქონდეს სწორედ სახელმწიფოს ახალ პროექტებს – ფინანსური დახმარებას და თანადაფინანსებას რომემელიც ფერმერს განვითარებაში იქნება მიმართული – ამბობს კონიაშვილი.
მიუხედავად დადებითი მოლოდინებისა ირკვევა ისიც, რომ ბიზნესს თანადაფინანსების შეცვლილ პროგრამაზე ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.



































































