ჩრდილოეთ კავკასიაში უპრეცედენტო მასშტაბის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს – მეექვსე დღეა 20 000-ზე მეტი ადამიანი 8 წლის ბიჭს ეძებს, რომელიც ადიდებულმა მდინარე სუნჟამ გაიტაცა.
როგორც “მთავარი” იუწყება, ხიზირ დერბიჩევი წყალში მეგობრის დასახმარებლად გადახტა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
15 ივნისს ინგუშეთში, სოფელ იანდარეში, სამი ბავშვი მდინარე სუნჟას ნაპირას თამაშობდა. ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. მეგობრის დასახმარებლად ხიზირი წყალში გადახტა. პირველი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად ხიზირ დერბიჩევი ადიდებული მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში ინგუშეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და 20 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული, მათ შორის, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩასული ადამიანები. ფსკერის შესამოწმებლად სპეციალისტებმა ნაწილობრივ მდინარის კალაპოტიც კი შეცვალეს.
ხიზირ დერბიჩევი 8 წლის გუშინ, 20 ივნისს გახდა.

































































