აშშ-ის საოლქო სასამართლომ 7 აგვისტოს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ Marinera-ს (ყოფილ Bella 1) კაპიტანს პატიმრობა, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია მიუსაჯა. განაჩენის მიზეზი აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის თავს არიდება და ხომალდის გაჩერების ბრძანების დაუმორჩილებლობა გახდა. განაჩენს წინ უძღოდა ივნისში კაპიტნის მიერ დანაშაულის აღიარება იმ მუხლით, რაც აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ Munro-ს ბრძანების მიუხედავად ხომალდის შეჩერებაზე („heave to“) უარის თქმას გულისხმობს. ინფორმაციას გამოცემა maritime-executive ავრცელებს.
საქართველოს 47 წლის მოქალაქე, ავთანდილ კალანდაძე, ტანკერ Bella 1-ს 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე მეთაურობდა. ტანკერი Bella 1 (ტვირთამწეობით 318,518 ტონა) ვენესუელისკენ მიემართებოდა, როდესაც იგი აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდმა Munro-მ ბლოკადის ფარგლებში შეაჩერა. ცარიელი ტანკერი არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის ბრძანებას და ატლანტის ოკეანის მიმართულებით გაიქცა. Munro უკან გაჰყვა Bella 1-ს, რომელმაც ატლანტის ოკეანის გადაკვეთისას განაცხადა, რომ სახელი შეიცვალა და Marinera დაირქვა, ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ გადავიდა. ხომალდი საბოლოოდ 7 იანვარს შეაჩერეს და აშშ-ის სარდლობით შოტლანდიაში გადაიყვანეს.
აშშ-ის ცნობით, ტანკერი, რომელიც 2000 წელს სამხრეთ კორეაში, Hyundai Heavy Industries-ის მიერ აიგო, ბოლო რამდენიმე წელი „ჩრდილოვან ფლოტში“ ირიცხებოდა. მანამ, სანამ 2023 წელს Bella 1-ის სახელით გამოჩნდებოდა, ხომალდმა ხუთი სახელი და სხვადასხვა მფლობელი შეიცვალა. 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ნაოსნობის კომპანია Louis Marine Shipholding Enterprises-ს, როგორც პანამის დროშის ქვეშ მცურავი Bella 1-ის რეგისტრირებულ მფლობელს, „ჰეზბოლას“ სახელით სანქცირებული ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობის გამო. 2024 წლის ბოლოსთვის ხომალდი ამტკიცებდა, რომ გაიანას დროშის ქვეშ დაცურავდა.
აშშ-ის პროკურატურა კაპიტნისთვის წარდგენილ ბრალდებაში ამტკიცებდა, რომ კალანდაძის მეთაურობის პერიოდში ტანკერმა აზიაში ირანული წარმოშობის დაახლოებით 1.8 მილიონი ბარელი ნავთობი გადაზიდა. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ამ პერიოდში კალანდაძე მიმართავდა შენიღბვის გავრცელებულ მეთოდებს Bella 1-ის საქმიანობის დასამალად, მათ შორის: ნავიგაციას გათიშული ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემით (AIS) და Bella 1-ის სახელის დაფარვას სხვა გემზე ირანული ნავთობის გადატვირთვის პროცესში.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა კაპიტანი იანვარში სასწრაფოდ გაიყვანა შოტლანდიიდან, სანამ ადვოკატები მისი ექსტრადიციის შეჩერებას ცდილობდნენ. სასამართლომ მას 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც იგი დეპორტირებული იქნება. დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, მას მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ეს ხომალდი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე გემიდან, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ბლოკადის დროს დააკავა (რამდენიმე სხვა ხომალდთან ერთად, რომლებიც ირანის ბლოკადისას შეაჩერეს). გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ხომალდების ჩამორთმევის (ფორფეიტურის) პროცედურებს ახორციელებდა.
GMS-მა, მსოფლიოში უმსხვილესმა ნაღდი ანგარიშსწორებით მყიდველმა (cash buyer), ჯერ კიდევ იანვარში დაადასტურა, რომ ტანკერების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. Bella 1 აშშ-ში ბუქსირით გადაიყვანეს, ივნისის დასაწყისში კი მან ნაოსნობა დაიწყო სახელით Era და კომორის კუნძულების რეგისტრაციით. Equasis-ის მონაცემებით, ამჟამად მფლობელად მითითებულია Global Marketing Systems, ხოლო სტატუსად — „დაშლას დაქვემდებარებული“





































































