ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაადასტურა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება მიღწეულია.
ტრამპის გადაწყვეტილებით, შეთანხმების ფარგლებში, აშშ დაუყოვნებლივ წყვეტს ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას, პარალელურად კი იხსნება ჰორმუზის სრუტე — გლობალური ნავთობმომარაგების უმნიშვნელოვანესი არტერია, რომელიც ირანს ომის დროს ბლოკირებული ჰქონდა.
თუმცა, ტრამპის განცხადებიდან ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, დათანხმდა თუ არა თავად ირანი სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის ყოველგვარი გადასახადის (ბაჟის) გარეშე გატარებას.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება დასრულებულია. გილოცავთ ყველას! მე სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებ ჰორმუზის სრუტის უფასო (Toll Free) გახსნას და, ამავდროულად, განკარგულებას გავცემ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნაზე. მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები. დაე, ნავთობმა იდინოს!“ — წერს დონალდ ტრამპი.
Times of Israel-ის ცნობით, შეთანხმების მიღწევას ადასტურებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი.
“60 დღის განმავლობაში დაიწყება მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, თუ ასეთი შეთანხმება საბოლოოდ შედგება, ჩვენთვის მთავარი საკითხი, ბუნებრივია, მისი დებულებების იმპლემენტაცია იქნება“, — განაცხადა ირანის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანული მხარის ოფიციალურ განცხადებებში არ არის ნახსენები ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი, რომლის შესახებაც მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი ამ შეთანხმების მიღწევის პროცესში და მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების პირობებმა ისრაელის ოფიციალურ პირებში ღრმა შეშფოთება გამოიწვია.



































































