30 აგვისტოს, გურიაში, ხანმოკლე, მაგრამ უეცარმა თავსხმა წვიმამ, რასაც ქარიც ახლდა, საკმაო ზარალი მიაყენა გარემოსა და კონკრეტულ ოჯახებს. კერძოდ, სახლებს გადააძრო სახურავები, ძირფესვიანად მოთხარა ნაყოფიერი ხეები, დაამსხვრია ხეხილოვანი ბაღები და ისედაც აქა–იქ დარჩენილი სიმინდის ყანები მიწასთან გაასწორა. ზოგან წააქცია ელექტრობოძებიც. დაზიანებულია შიდა გზები და წყალგამტარი გვირაბები.
არაერთ სოფელში, მათ შორის, ჭანიეთში, უეცრად მოვარდნილმა ქარიშხალმა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან და ადგილზეც ვნახეთ, სოფელს ყველანაირი ზარალი მიაყენა.
_ ნახევარსაათიანმა წვიმამ ამაზე უარესი რა უნდა გვიქნას? სახლებს გადააძრო სახურავები, დალეწილია სიმინდის ყანები, ძირფესვიანად მოგლიჯა ხეხილოვანი ხეები, ასევე ცენტრალური გზის პირას ბევრგან მოთხარა ჯერ კიდევ შემორჩენილი ქარსაფარი ნაძვები (კრიპტომერია). არაერთგან ჩაშლილია წყალგამტარი გვირაბები, დაზიანებულია შიდა გზები, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.
_ ავი ამინდი მინახავს და ასეთი არაფერი. ერთი საათითაც არ უწვიმია და შეგვაზანზარა. ისეთი თავსხმა და ქარიშხალი იყო, თან ზოგან _ მეტად, ზოგან _ ნაკლებად, მართლა გასაკვირია. ქარბორბალას ჰგავდა. აღმოსავლეთის მხრიდან მოვარდა. მრავალი წელია, სიმინდის კარგ ყანას ნაკლებად ნახავ. სულ რამდენიმე კაცი თესავს სიმინდს, ისიც გაჭირვებით. ჭანიეთში ახლა ისიდორე მეფარიშვილს მართლა თითით საჩვენებელი, როგორც გურულები იტყვიან, “სათვალო” ყანა ჰქონდა. თითო ძირზე ორი და სამი ტარო იყო. დანახვა გაგიხარდებოდა. ახლა ისეა დალეწილი, ადამიანი იტირებს _ ასე როგორ დაამსხვრია. რაღაცაში კი გამოიყენებს ადამიანი სოფელში, მაგრამ როგორია, როცა ასეთი მოსავლის მოლოდინი გაქვს და რაღაც ნახევარსაათიანი თქეში ხელიდან გამოგაცლის… ავდარიც გვინახავს, მაგრამ ასეთი? _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა სერგო ბოიაჯანმა.
ქარიშხალმა მეტ-ნაკლები ფართობით გადააძრო სახურავი როლანდ ქიმუცაძის, ირმა სურგულაძის, კოტე თავაძისა და არაერთი სხვა ადგილობრივი მცხოვრების სახლს. ყველას სერიოზული დახმარება სჭირდება.
სოფელში, დილიდანვე ოჯახებში მივიდნენ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები. როგორც მათ გვითხრეს, დაწყებულია აღრიცხვა, სად რა დაზიანდა და უყურადღებოდ არავის დატოვებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი ხანმოკლე იყო და 31 აგვისტოს დილა მზიანი გათენდა, ცოტა მოგვიანებით ისევ თავსხმა დაიწყო.
_ არავინ იცის, რა იქნება. ამინდის ასეთი ცვალებადობა და საშიში ჭირვეულობა ნაკლებად გვახსოვს. მართლა დიდი გულისხმიერება და სიფრთხილე გვმართებს ყველას, _ ამბობენ ადგილობრივები.
_ ჩემს სახლს ამ ქარიშხალმა სახურავი გადააძრო. უკვე მერამდენე წელია, დასახურად დახმარებას ვითხოვ, განცხადებაც არაერთხელ შევიტანე. ერთ დროს ძალიან კარგი სახურავით დაფარული სახლი გვქონდა, თუმცა, ეს იყო, ალბათ, 50 წლის წინ. დრო თავისას შვრება. შემდეგ შეცვლა ვერ მოვახერხეთ. მშობლები გარდაიცვალნენ. ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე, ქალაქიდან შინ დავბრუნდით. ისეთი მდგომარეობა გვაქვს, სხვენში ყველა მხარეს გობები და ტაშტები მაქვს დაწყობილი და ძლიერი წვიმის დროს წყლის ნაკადის შეკავებას მაინც ვერ ავუდივარ.
31 აგვისტოს, დილითვე, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები მოვიდნენ. დაათვალიერეს დაზიანებები. მოხდა აღრიცხვა. დამპირდნენ დახმარებას და ვიმედოვნებ, ახლა მაინც დროული რეაგირება მოხდება, _ ამბობს ჭანიეთის მკვიდრი ირმა სურგულაძე.
აღსანიშნავია, რომ ეს ახალგაზრდა ოჯახი ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად. გააშენეს ვაზი, ცდილობენ, მამა-პაპის კარმიდამოს მიხედონ და აქ გააგრძელონ ცხოვრება. ამიტომ მათ მიმართ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა დაზარალებულის მიმართ, მაქსიმალური ყურადღებაა გამოსაჩენი.
_ ჩემთანაც იყვნენ სოფლის გამგებელი და მოადგილე. აღრიცხვა მოხდა. როგორმე ცოტათი მაინც უნდა გადავხურო, დავამაგრო სახურავი. კი დამპირდნენ, რომ ზარალს ამინაზღაურებენ, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. სანამ სახურავს მომცემენ, ამ ამინდს ისეთი პირი უჩანს, როგორ უნდა ვენდოთ. ისე გადააძრო უცებ მოვარდნილმა ქარიშხალმა სახურავი, ვისხედით და თავზე ისე გვაწვიმდა, როგორც გარეთ, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ზურაბ ქიმუცაძემ.
ამ დროისთვის გრძელდება დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა. ჯერჯერობით, ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა და სპეციალისტმა “გურია ნიუსთან” თქვეს, ყველა დაზარალებული აღირიცხება და არავინ დარჩება უყურადღებოდ.
ხალხი კი მომავალი ზამთრის მოლოდინშია და შიში აქვს. ყველას სურს, იმ დროისთვის სახლი საიმედოდ ჰქონდეს გადახურული.
ავტორი

































































