საბერძნეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლისას ორი ვერტმფრენი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. როგორც BBC იუწყება, დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი.
დაღუპულები არიან დანიელი პილოტი და საბერძნეთის სახანძრო სამსახურის კოორდინატორი ოფიცერი. მეორე ვერტმფრენში მყოფი ბრიტანელი პილოტი და კიდევ ერთი ბერძენი კოორდინატორი გადარჩნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ათენიდან დასავლეთით, დაახლოებით 65 კილომეტრში მომხდარი შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ეხება ორი „Bell“-ის ტიპის ვერტმფრენიდან ერთ-ერთი მეორის ფრთებს (როტორს), რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ცეცხლის ალში ეხვევა და ხევში ვარდება. მეორე საჰაერო ხომალდმა ავარიული დაშვება განახორციელა.
ამ კვირაში საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრები გაჩნდა, რამაც მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გამოიწვია. ხანგრძლივი სიცხის ტალღების გამო გამანადგურებელი ხანძრები ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც დაატყდა თავს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, „Bell“-ის ტიპის ორი ვერტმფრენი, რომლებიც ავსტრალიური კომპანია „McDermott Aviation“-ისგან იყო დაქირავებული, კვირას, ატიკა-ბოეოტიის საზღვართან გაჩენილი ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას შეეჯახა ერთმანეთს.
ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ცოცხლები გადაარჩინეს, ხოლო მეორე ეკიპაჟის წევრები უგონო მდგომარეობაში იპოვეს და მოგვიანებით მათი გარდაცვალება დადასტურდა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირლიაკოს მიცოტაკისმა მომხდარი ავარიის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა.
X-ზე (ყოფილი თვითერი) გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ბერძენი კოორდინატორისა და დანიელი პილოტის დაღუპვა „ყველას დიდი მწუხარებით გვავსებს“. მან ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.







































































