როგორც ვწერდით, ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში. “გურია ნიუსის” ვებგვერდზე ამ მეტად სამწუხარო ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა პირად შეტყობინებაში, დაგვეწერა, ვინ იყო გარდაცვლილი და კონკრეტულად რომელი სოფლიდან.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, გუშინ მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით დაღუპულის ვინაობა, არ გავასაჯაროეთ, თუმცა პოსტის კომენტარებში მაინც დაიწერა.
დაღუპულია სოფელ წიფნარის მკვიდრი, მალხაზ შავაძე.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება ახალგაზრდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა სათევზაოდ, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.
“პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია და… ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული”, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი.
გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს მალხაზ შავაძის ოჯახს, მეგობრებს, სოფელს და გამძლეობას უსურვებს მათ.


































































