რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი დემონსტრანტ მარიამ მეყანწიშვილს, რომელიც მას „რუს მონას“ ეძახდა, ფიზიკურად შეეხო, ხელი ჩაავლო და მოიშორა. ინციდენტი მოხდა პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც დილიდან შეიკრიბნენ დემონსტრანტები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ.
„რუსო მონავ, მოღალატევ და გამყიდველო! რუსო აგენტო! ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების გამყიდველო!“ – ამ სიტყვებით მიმართავდა მეყანწიშვილი დავითულიანს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
„გავიგე, ახლა მიბრუნდი. იმდენს წვალობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენო და არ მოგაყენებ“, – უთხრა პოლიტიკოსმა დემონსტრანტს და ზურგი აქცია.
მეყანწიშვილი კვლავ აგრძელებდა პოლიტიკოსთან კომუნიკაციას, რასაც დავითულიანი ხმის აწევით პასუხობდა.
„გავიგე, გაბრძანდი! გაიწიე! მერე, მერე… ვაიმე, გული მისკდება ამას რომ მეუბნები“, – მიმართა კულტურის მინისტრის მოადგილემ დემონსტრანტს, ხელი ჩაავლო და მოიშორა.
ამის შემდეგ დავითულიანი თანმხლებმა პირებმა გაიყვანეს.

































































