სინათლე მედიამ“ თბილისში ჩატარებულ ამბის თხრობის ფესტივალზე – ZEG Storytelling Festival 2026-ზე, ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორივე პანელზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სინათლე მედია“ დღეს 22 დამოუკიდებელ ონლაინ მედიას აერთიანებს.
„სინათლე მედიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ქავთარაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე მოწვეული სტუმრების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო იმ რეალობის მიმართ, რომლის წინაშეც დღეს საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები დგანან.
„ZEG-ი არის ამბის თხრობის ფესტივალი. ეს არის შეხვედრების უნიკალური ადგილი, სადაც გეძლევა შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას გაუზიარო უმნიშვნელოვანესი ამბები. მინდა ვთქვა, რომ ინტერესი ქართული ჟურნალისტიკის გამოწვევების მიმართ უდიდესია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ შეხვედრების დროს ჩვენ ვყვებით „სინათლე მედიის“ დიდ გაერთიანებაზე, რომელიც 22 დამოუკიდებელ ონლაინ მედიას აკავშირებს. უცხოელი აუდიტორიის წინაშე ვისაუბრეთ ჩვენი გამოცდილების შესახებ – როგორ გავერთიანდით, რა გამოწვევები გვაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. მზია ამაღლობელი ციხეშია და ჟურნალისტებს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად უჭირთ მუშაობა.
ასევე ვისაუბრე იმ აუქციონებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც „სინათლე მედიის“ ორგანიზებით შედგა და რომლებშიც არაერთმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამოუკიდებელი მედიის გვერდით უამრავი ადამიანი დგას და მხარს გვიჭერს. სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, – აღნიშნა „სინათლე მედიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ქავთარაძემ.
































































