დღეს ჩოხატაური თავის პატარა შვილს, ლუკა ჩხიკვიშვილს დაემშვიდობება.
“დღეს ყველაზე მძიმე დღეა ჩემი 43 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, პირველად ვეთხოვები მოსწავლეს, ჩემს 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილს. აღუწერელია ტკივილი, რომელსაც განვიცდი. მშვიდობით ჩემო ლუკა, შენ სამუდამოდ დაიდე ბინა ჩემს გულში და მემახსოვრები ისეთივე კეთილი, საყვარელი და მომცინარი, როგორიც იყავი. ნათელში იყოს შენი სპეტაკი, უმანკო სული ანგელოზო”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ერთერ წილოსანმა.
“დღეს მთელი ჩოხატაური შენი ჭირისუფალია ლუკა. ტკივილიანი დღე გვაქვს ყველას
რა მძიმე დღეა!
რა მძიმე დღეა ყველასთვის. ყველა გლოვობს დღეს ლუკას!
გაქვავება ყოველთვის სხვა რამე მეგონა,სიძლიერესთანაც ვაიგივებდი თითქოს..
თურმე სულ სხვა რამ ყოფილა. ტკივილისგან მეტყველება დაგვაკარგვინა ყველას დღევანდელმა დღემ.
არ წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს დღე, რომელსაც ჰქვია ხვალ…
ნეტა შეგვეძლოს მცირედით მაინც შევცვალოთ ლუკას და მისი ოჯახის ბედი.” _ წერენ სოციალურ ქსელში ლუკას გარდაცვალებით დამწუხრებული ჩოხატაურელები.
“გურია ნიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს, ლუკას ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, მთელ ჩოხატაურს.
ინფორმაციისთვის, ლუკამ ფეხბურთის თამაშის დროს ხელი მოიტეხა და ოპერაცია მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინათ. ლუკა ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ბიჭს გული გაუჩერდა. ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.