დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გალის რაიონში საჯარო მოხელეების ტოტალური კონტროლი მიმდინარეობს.
“გალის რაიონში დე ფაქტო უსაფრთხოების სტრუქტურების აქტივობამ მოსახლეობაში აშკარა უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია.
სანდო წყაროების მიხედვით, განსაკუთრებით გააქტიურდა თვალთვალისა და ინფორმაციის კონტროლის პრაქტიკა ადგილობრივი ადმინისტრაციისა და მისი თანამშრომლების მიმართ. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურები ამ ქმედებებს რუსული მხარის მოთხოვნით ამართლებენ, თუმცა არსებობს ასევე საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მიმდინარე პროცესები შესაძლოა იყოს ამჟამინდელი დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა, რომლის მიზანიც კრემლის კეთილგანწყობის მოპოვებაა.
გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები, ადგილობრივებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ქმედებები ქმნის შიშისა და დაშინების ატმოსფეროს, რაც ხელს უშლის ღია კომუნიკაციას საზოგადოებაში და ზღუდავს განსხვავებული აზრის გამოხატვას”,_ აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.