„ეკა ბესელიას ხელში გაუჭრელი კოზირი უჭირავს, ეს არის საზოგადოებრივი აზრი. რაც შეეხება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის პარტიიდან გარიცხვის საკითხს, „ქართული ოცნება“ დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულით ვეღარავის დააშინებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარტიიდან დეპუტატების გარიცხვის შესახებ გაკეთებული განცხადებები კომუნისტური პარტიის ლიდერების განცხადებებს ჰგავს.
„ირაკლი კობახიძის განცხადებები 90-იან წლებში კომუნისტური პარტიის ლიდერების განცხადებებს ჰგავს. მინდა მმართველი პარტიის ლიდერებს ვუთხრა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ე.წ. ქანჩების მოჭერის პროცესი დააგვიანა, დღეს დაშინების პროცესი აღარ იმუშავებს.
გუნდიდან განსხვავებული აზრის გარეთ გამოტანა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს კატეგორიულად იკრძალებოდა და ახლა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც იკრძალება. რა გამოდის?! მთავრობები იცვლებიან, მაგრამ პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება“, _ განაცხადა ცინცაძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პატრიარქის ეპისტოლეში ცილისწამების შესახებ ყურადღება საერთოდ არ უნდა გამახვილებულიყო.
„როგორც ჩანს, ამჯერად „ქართული ოცნება“ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვისაც ემზადება. მმართველი პარტიის ლიდერებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს სურს, პატრიარქის ეპისტოლეში ცილისწამების შესახებ მოხსენიებული მოსაზრება გამოიყენოს და კანონი გაამკაცროს. ვფიქრობ, პატრიარქის ეპისტოლეში აღნიშნულზე ყურადღება საერთოდ არ უნდა გამახვილებულიყო“, _ აღნიშნა ცინცაძემ.

































































