“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძე კი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო მხოლოდ ერთი – ჯგუფური ძალადობის მუხლით და მას 3- წლიანი პატიმობა მიუსაჯა.
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს. ია დარახველიძე კი სასამართლო განხილვას არ დასწრებია, ის საქართველოში არ იმყოფება და სავარაუდოდ, მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივე მათგანს, მანამდე აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული და პატიმრობაში არ იმყოფებოდნენ.
შვიდივეს ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.
ამ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა რვა მათგანს – ევა შაშვიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.
კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს დღეს საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებოდა 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.




































































