ოზურგეთში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის წინ ლითონის კონსტრუქციის (ბოძების) მონტაჟმა ადგილობრივებში უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თეა სიხარულიძე გამოეხმაურა:
„ეს რა არის? რატომ არის აქ? ვინმემ გამცეს პასუხი… ბენიას ბიუსტის წინ ამხელა ბოძების და ბანერის ჩამოფხატვამ ცოტა არ იყოს გამაოცა! „კუბო-ქოთნებისგან“ ძლივს გათავისუფლდა ეს ბიუსტი და ეს ახალი რა აქვს წინ?“ — წერს აქტივისტი.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული ბოძები ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე დღის წინ დაიდგა. არაოფიციალური ცნობებით, კონსტრუქციაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერის განთავსება იგეგმება.
რატომ გახდა საჭირო კონსტრუქციის მაინცდამაინც ბიუსტის წინ განთავსება და არის თუ არა ეს შეთანხმებული ადგილობრივ ხელისუფლებასთან — „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მერიიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.





































































