22 წლის ნიცა კვინიკაძე, ოჯახთან ერთად, ტურისტულ კომპანიას მართავს. ნიცა რამდენიმე წელია მუშაობს ტურიზმის ინდუსტრიაში; ახლა შიშობს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების გამო, საფრთხე არ შეექმნას უვიზო მიმოსვლის უფლებას.
ნიცა კვინიკაძე ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზეც საუბრობს: “საქართველოში ძალიან ბევრი ლამაზი, საინტერესო, კულტურულად მდიდარი ადგილი გვაქვს, რომლის ნახვაც ნებისმიერი ადამიანისთვის წარმოუდგენელი გამოცდილებაა. ევროპელები ამ ყველაფერს განსაკუთრებით აფასებენ, განსაკუთრებით უხარიათ ჩვენი კულტურისა და სამზარეულოს გაცნობა… _ ამბობს ნიცა.
მისი თქმით, ბევრი ევროპელი ტურისტისგან გაუგია, რომ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, საქართველოში ხანგრძლივად იმოგზაურებდნენ. ნიცა თვლის, რომ ამ პირობების შექმნას ხელს სწორედ ევროინტეგრაცია შეუწყობს, რაც გაზრდის იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ჩვენი ქვეყნით აღფრთოვანებულები არიან და აქ ცხოვრება სურთ.
ნიცა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას უსვამს ხაზს ადამიანის უფლებების კონტექსტში და ამბობს, რომ ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესის გაჩერების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება ადამიანის უფლებებს.
ტურისტული კომპანიის გარდა, ნიცას საკუთარი მცირე ბიზნესიც აქვს:
“ყველამ ვიცით, რომ ევროპაში ბევრად უფრო კარგი პირობებია ბიზნესის საწარმოებლად. არის ძალიან ბევრი გრანტი, ფონდი, მაქსიმალურად უწყობენ ხელს ჩემნაირ ახალგაზრდებს, ის გააკეთონ, რაც უხარიათ და უყვართ“.
ამის გამო, ნიცასნაირი ახალგაზრდებისთვის ქვეყნის ევროპული გეზის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული სტანდარტები მათ მეტ შესაძლებლობასა და პოტენციალის რეალიზების შანსს მისცემს.
ნიცას თქმით, ჰყავს ბევრი მეგობარი ევროპიდან, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაზე გული შეტკივათ და ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
“ჩვენ, როგორც ხალხმა, როგორც საზოგადოებამ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპელ ხალხს სჯეროდეს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და მათაც უნდოდეთ ჩვენი მიღება“, _ გვეუბნება ნიცა.
“გურია ნიუსმა” მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
“გურია ნიუსი” ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. “გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას
ავტორი