“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად ნატანებელი ვასილ გობრონიძე ინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია ოზურგეთის მერიიდან კონფიდენციალურად მოგვაწოდეს. ჩვენ შევეცადეთ, ინფორმაციის სისწორე გადაგვემოწმებინა თავად ვასილ გობრონიძესთან, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
„რად გინდათ, რომ წერ?! მასე, ადრე რომ დამწერეთ, ნატანებში გამგებლად ინიშნებაო, არ დავინიშნე. რა აზრი აქვს მაგის დაწერას, ვინიშნები თუ არ ვინიშნები, კოტეს ჰკითხეთ. რომ დავინიშნები, მერე დავადასტურებ. გამორთე ჩამწერი და გეტყვი ყველაფერს“, _ გვითხრა გობრონიძემ.
2012 წლიდან ვასილ გობრონიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აქტივისტი იყო. თუმცა, მას ურთიერთობა მმართველ გუნდთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ძალიან მალე დაეძაბა. შეემთხვა პატარა ინციდენტიც _ ნატანების ცენტრში მის კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მაშინ აღნიშნულ ფაქტში პროკურატურა და სამართალდამცავები თავად გობრონიძეს ადანაშაულებდნენ.
მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა კობა ხაბალაშვილი, გამგეობაში აღნიშნული თანამდებობა კი გია ჩაგანავას ეკავა.
ჩაგანავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში დეპუტატი და საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე გახდა. ჯერჯერობით, უცნობია სად დაინიშნება კობა ხაბალაშვილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ის სამსახურის გარეშეც დარჩეს.
ამავე თემაზე: