“საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განახლების პროცესთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა“, _ ინფორმაცია ამის შესახებ 18 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაავრცელა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ.
“მინისტრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე მონაწილეებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა თითოეული პროექტის მიმდინარე სტატუსი, დაგეგმილი ღონისძიებები და განხორციელების ვადები გააცნეს“, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ ქალაქსა თუ სოფელში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა ან რეაბილიტაცია. ან კიდევ რომელი სკოლის მშენებლობის პროექტირებაა დაგეგმილი უახლოეს პერიოდში.
“აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ სკოლების პროექტების მართვის პროცესში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, რათა შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და სრულფასოვანი საგანმანათლებლო გარემო.
ამ ეტაპზე, გაუქმებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის უფლებამონაცვლეობით გადაცემული 77 ობიექტის დასასრულებლად, ჯამში, 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება.
პროცესების დაჩქარებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ 13 სკოლაზე უკვე გამოცხადებულია პროექტირებისა და მშენებლობის ერთიანი შესყიდვა, ხოლო ერთ სკოლაზე _ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
10 სკოლისთვის მზადდება ახალი საპროექტო გადაწყვეტა, რომელიც 2026 წლის განმავლობაში, როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით, დაახლოებით, 30 სკოლაზე იქნება გამოყენებული.
ESIDA-სგან გადაცემულ პროექტებთან მუშაობის პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო და საერთაშორისო პარტნიორების თანადაფინანსებით, 53 სკოლის მშენებლობა–რეაბილიტაციასა და 45 სკოლის პროექტირებას ახორციელებს“, _ წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ეთერ წილოსანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება.
შემდეგ კი ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ ფეისბუქზე დაწერა: “მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელსვე დაიწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2026 წლის 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ეცნობა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია.
ახალი სკოლის მშენებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოსწავლის უკეთესი მომავლისთვის. გვჯერა, რომ ერთობლივი თანამშრომლობითა და ურთიერთნდობით შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის წარმატებით განხორციელებას.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, მოთმინებისა და ნდობისთვის.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების სრულ და დროულ ინფორმირებას პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე“, _ დაწერა შორენა სიხარულიძემ.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ორი სამინისტროს მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არავინ იყო მიწვეული. აქედან გამომდინარე, ისევ გაურკვეველია იქ არსებული სკოლის შენობების მშენებლობის საკითხი.
რაც შეეხება ოზურგეთს, აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ლალი სიჭინავა, ასევე, სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ წიტაიშვილი.
“შეხვედრაზე ნამდვილად იყო საუბარი სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების თაობაზე. ეს მშენებლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უნდა განეხორციელებინა (როგორც ცნობილია, აღნიშნული სააგენტო გაუქმდა. ავტ.). შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო ჯუმათის საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესზე“, _ გვითხრა ლალი სიჭინავამ.
“ამ თვეში უნდა დასრულდეს შენობის დემონტაჟი. ამასობაში დასრულდება პროექტირებაც, რასაც მოჰყვება სკოლის შენობის მშენებლობა. ჩემი ინფორმაციით, ამ წელში უნდა დაიწყოს მშენებლობა“, _ აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ნოდარ წიტაიშვილმა.
“გურია ნიუსი” მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება“, _ გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესო ქათამაძე ამბობს, რომ ის, რაც გურიის რეგიონში ხდება, მძიმე რეალობაა:
“კორუფციას გადააყოლეს ბავშვების მომავალი. დახარჯულია მილიონობით ლარი და პრობლემები მოუგვარებელია. ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით, 30 სკოლა და საბავშვო ბაღის შენობები არის დანგრეული და ბაყაყებით ბუდედ ქცეული. არის, ასევე, ავარიული სკოლები, რომლის რეაბილიტაცია არ არის დაწყებული.
გურია ყველაზე პატარა რეგიონია და რაც ახლა ხდება, დიდი კატასტროფაა“, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.
ავტორი
































































