უსაფრთხოების ღვედის გაკეთება შესაძლოა უკანა სავარძელზე მსხდომი მგზავრებისთვისაც სავალდებულო გახდეს.
ამ საკითხის დარეგულირება 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული. დოკუმენტი მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს ადამიანების დაღუპვისა და მძიმე დაზიანებების რისკის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.
დოკუმენტის მიხედვით, კვლევები აჩვენებს, რომ უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ ღვედის გამოყენება მხოლოდ მათ უსაფრთხოებას არ ემსახურება და წინა სავარძლებზე მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
“კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება.
საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პროაქტიულად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას“, – წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.

































































