თუ დღეს სოციალურ ქსელებში “გურიას” მოძებნით, თქვენს ეკრანზე ნისლებში ჩაფლული გომისმთის ზღაპრული კადრები, ბახმაროს ხის ფერადი კოტეჯები და ასობით აღფრთოვანებული ტურისტი გამოჩნდება.
ეს არის გურია, რომელიც გვხიბლავს, გვიზიდავს და გვაფიქრებინებს, რომ რეგიონი ნამდვილ ტურისტულ და ეკონომიკურ ბუმს განიცდის.
თუმცა, საკმარისია ამ პრიალა ფასადის მიღმა ჩავიხედოთ და მთებიდან სულ რამდენიმე კილომეტრით დაბლა, პოპულარული მარშრუტებიდან გვერდით გადავუხვიოთ, რომ სრულიად სხვა რეალობას შევეჯახებით. იქ, სადაც ადრე სიცოცხლე დუღდა, დღეს ჩამქრალი შუქები, ჩაჭედილი კარები და დაცარიელებული სოფლებია. ეს არის მხარის უჩინარი სოციალური დრამა, რომელზეც ციფრები ბევრად უფრო ხმამაღლა მეტყველებენ, ვიდრე “ინსტაგრამის” პოპულარული ჰეშთეგები.
რეგიონში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ სურათს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო, დაზუსტებული შედეგები ყველაზე თვალნათლივ აშიშვლებს. 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ გურიაში 102 408 ადამიანი ცხოვრობს, მათგან საქალაქო დასახლებაში _ 31 597, ხოლო სასოფლო დასახლებაში _ 70 811 ადამიანია.
თუ ამ მონაცემს წინა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს შევადარებთ, სადაც რეგიონის მოსახლეობა 113 350 ადამიანს შეადგენდა, ვნახავთ, რომ სულ რაღაც ათ წელიწადში გურიამ 11 ათასამდე მცხოვრები დაკარგა.
ეს კლება ყველაზე მწვავედ სწორედ სოფლებს დაატყდა თავს, რაც კარგად ჩანს შიდა მუნიციპალურ ჭრილშიც:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დღეს 26 926 ადამიანს შეადგენს (საქალაქო დასახლებაში_ 6 224, ხოლო სასოფლოში _ 20 702); 2014 წელს კი მუნიციპალიტეტში 31 486 ადამიანი ცხოვრობდა (ქალაქად _ 6 395, სოფლად _ 25 091). შესაბამისად, ლანჩხუთმა თითქმის 4 500 მცხოვრები დაკარგა და ეს დანაკარგიც თითქმის მთლიანად სოფლებზე მოდის.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 17 035 ადამიანამდე ჩამოვიდა (საქალაქო _ 1 954, სასოფლო _ 15 081), მაშინ როცა 10 წლის წინ აქ 19 001 ადამიანი ცხოვრობდა (ქალაქად _ 1 815, სოფლად _ 17 186).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამჟამად 58 447 ადამიანია (საქალაქო დასახლებაში _ 23 419, ხოლო სასოფლოში _ 35 028). შედარებისთვის; 2014 წელს მუნიციპალიტეტის საქალაქო დასახლებაში 23 694 ადამიანი ფიქსირდებოდა, ხოლო სასოფლოში _ 39 169. ეს ციფრები აჩვენებს, რომ სანამ ქალაქის ცენტრი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს მცხოვრებლებს, ოზურგეთის სოფლები მკვეთრად და სწრაფად იცლება.
სოფლების დაცლის მთავარი მამოძრავებელი ძალა სამუშაო ადგილების არარსებობა და მძიმე სოციალური ფონია. რეგიონის გეოგრაფიულმა მდებარეობამ _ თურქეთის საზღვართან სიახლოვემ _ ერთგვარი პარადოქსული როლი ითამაშა. ადგილობრივი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ყოველ სეზონზე (განსაკუთრებით თხილისა და ჩაის აღების პერიოდში) მეზობელ ქვეყანაში მიდის სამუშაოდ. თუმცა, რაც თავიდან დროებითი ფინანსური გადარჩენის წყარო იყო, ბევრისთვის მუდმივ მიგრაციად იქცა. სოფლებში ძირითადად ხანდაზმულები რჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით სოფელს ბუნებრივი განახლების რესურსი უმცირდება.
მშრალ ციფრებს მიღმა არსებულ მძიმე რეალობაზე ადგილობრივი ახალგაზრდები გულისტკივილით საუბრობენ:
“ორი სხვადასხვა სკოლა გამოვიცვალე. ახლახან დავთვალე და ორივეში ერთად სულ 12 კლასელი მყავდა. დღეს აქედან სოფელში მხოლოდ ოთხია დარჩენილი, _ გვიყვება ადგილობრივი ახალგაზრდა, რომელიც მშობლიურ მხარეში არსებულ მძიმე სურათს აღწერს, _ კლასელების გარდა, სამეგობროდანაც თითქმის ყველა წასულია _ ზოგი თბილისში, ზოგი ბათუმში, ზოგიც საერთოდ უცხოეთში. ჩვენს უბანში ჩემხელა მარტო ერთი ბიჭიღაა.
ძალიან მძიმე დასანახია, როცა შენი სოფელი ასე იცლება. მთლად მიტოვებულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ეს ხალხი ფაქტობრივად იშვიათად ახერხებს საკუთარი სახლის ნახვას. ამ ყველაზე მძიმე მომენტს კი უმუშევრობა ქმნის“.
ეკონომიკურ სიდუხჭირეს თან ერთვის გურიის კიდევ ერთი უდიდესი ტკივილი _ კლიმატური ცვლილებები და გეოლოგიური საფრთხეები. გურია მეწყრულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოწყვლადი რეგიონია საქართველოში. ბოლო წლებში მომრავლებულმა სტიქიებმა, ღვარცოფებმა და უხვმა ნალექმა ათობით ოჯახი აიძულა, უსაფრთხოების მოტივით მიეტოვებინა საუკუნოვანი ნასახლარები.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი იაკობაშვილმა ახლახან გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე აღნიშნა, ჭარბ ნალექსა და კლიმატურ გარემოს უამრავი რისკი თან ახლავს, რაც ფერმერებსა და ადგილობრივებს მძიმე ტვირთად აწვება. დღეს ფიქსირდება ნალექების არათანაბარი პიკური განაწილება _ ჭარბ ტენიანობას ხანგრძლივი გვალვები ცვლის, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის მცენარეთა დაავადებების გავრცელებისთვის და გურიის ისეთი წამყვანი კულტურების მოსავლიანობას უქმნის საფრთხეს, როგორიცაა თხილი და ვაზი.
პრობლემის მასშტაბებსა და მის გლობალურ ხასიათზე “გურია ნიუსთან” საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმაც გაამახვილა ყურადღება:
“გურიის რეგიონი, სადღაც 15-20 წლის უკან, მეწყრულ–ღვარცოფული, ძირითადად, მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურების თვალსაზრისით მაღალ კატეგორიაში არ გაგვყავდა. არ იყო ისე დაძაბული, როგორც მცხეთა–მთიანეთის, აჭარის, რაჭა–ლეჩხუმის რეგიონები, თუმცა, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ყველაზე დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სწორედ გურიის რეგიონში. ამას მთავარი მიზეზი არის გეოლოგიური აგებულება _ ტერიტორიის ამგები ქანების ადვილად დამყოლობა მეწყრულ–ეროზიული პროცესებისადმი“.
როდესაც ადამიანს ეცლება საყრდენი _ მიწა, რომელიც მას კვებავდა და სახლი, რომელიც საფრთხის შემცველი გახდა, ის იძულებული ხდება, ეკომიგრანტად იქცეს. ისინი ძირითადად დედაქალაქს ან სხვა დიდ ქალაქებს აფარებენ თავს, მათი მშობლიური სოფლები კი უპერსპექტივო, “მოჩვენებების დასახლებებად” ტრანსფორმირდება. თუმცა, პრობლემას მხოლოდ წვიმა და ბუნება არ ამწვავებს_ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების კვლევები ხშირად მიუთითებენ ანთროპოგენულ (ადამიანურ) ჩარევებზეც, როგორიცაა მდინარეების კალაპოტებიდან ხრეშის უკონტროლო მოპოვება, რაც სტიქიების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პროცესის შეჩერება მხოლოდ კომპლექსური, სახელმწიფოებრივი მიდგომით არის შესაძლებელი, სადაც მთავარი აქცენტი საბაზისო ინფრასტრუქტურის (გზა, წყალი, ინტერნეტი) მოწესრიგებასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე უნდა გაკეთდეს. ამავე მიდგომით, გურიის სოფლების გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი აგროტურიზმისა და ტრადიციული დარგების _ მაგალითად, გურული ჩაისა და მეღვინეობის (ჩხავერის) რენესანსის სინთეზშია.
რეალური პრეცედენტები, რომ სწორედ ლოკალური ეკონომიკის გაძლიერებითაა შესაძლებელი მიგრაციის ტენდენციის შემცირება, უკვე არსებობს _ რამდენიმე სოფელში ახალგაზრდა მეწარმეებმა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა და საერთაშორისო დონორების მცირე გრანტების დახმარებით, შეძლეს თბილისიდან თუ უცხოეთიდან დაბრუნება. ტრადიციული საოჯახო მარნების აღდგენამ, კენკროვანი კულტურების მოშენებამ და საოჯახო სასტუმროებისა და კოტეჯების გაჩენამ აჩვენა, რომ ალტერნატივა არსებობს. თუ ეს მოდელი მასშტაბური გახდება და ტურისტული ნაკადები გომისმთიდან თუ ბახმაროდან დაბლა, სოფლებში ჩამოვა, ადგილობრივებს თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლის მოტივაცია აღარ ექნებათ და საკუთარ სახლში დასაქმდებიან.
თუმცა, მხოლოდ ტურისტული პოტენციალის იმედად დარჩენა საკმარისი არ არის _ ამ ეკონომიკურ ფორმულას სახელმწიფოებრივი ხედვა და სამუშაო ადგილების სისტემური შექმნა სჭირდება, რაზეც თავად სოფლად დარჩენილი ახალგაზრდებიც მიუთითებენ:
“კი, გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როცა ვიღაცებმა მცირე ბიზნესის წარმოება სცადეს, მაგრამ ყველა ხომ მაგ საქმიანობით ვერ დაკავდება?! ჩემი აზრით, შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ შექმნას სამუშაო ადგილები თუნდაც” მცირე საწარმოებით, სადაც თითო ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც დასაქმდება. მე პირადად, რა თქმა უნდა, დავბრუნდებოდი სოფელში, თუ შესაძლებელი გახდება, რომ ადამიანმა აქ ნორმალურად იცხოვროს და იცოცხლოს“.
ავტორი


































































