ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი საკრებულოს სხდომაზე ახალი ინიციატივით _ საკრებულოს ეთიკის კოდექსის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა.
“აღნიშნული პროექტი შემუშავების პროცესშია და თითოეულ საკრებულოს წევრს ვთხოვ, ჩაერთოს ამ პროცესში, ასევე, კარგი იქნება არასამთავრობო სექტორის აქტიურობაც, რათა საკრებულომ ამ კუთხით მიიღოს სრულყოფილი დოკუმენტი. ვფიქრობ, რომ ეთიკის კოდექსი ქმედითი იქნება.
ადამიანის ქცევას ეთიკის ნორმები განსაზღვრავს, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები დადგენილი წესების ჩარჩოებშია მოქცეული და მისი დაცვა აუცილებელი პირობაა ყველა მოქალაქისათვის, განსაკუთრებით კი საკრებულოს წევრებისათვის. ეთიკის კოდექსის მიღება დროის მოთხოვნაა, რომლის მიზანია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, დაადგინოს საკრებულოს წევრების ქცევის ნორმები, ხელი შეუწყოს საკრებულოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და საკრებულოს წევრების მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას“, _ თქვა ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, ეთიკის კოდექსის მიზანია, საკრებულოს წევრის მიერ, უფლებამოსილების შესრულებისას, ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.


































































