მსახიობი ტრისტან სალარიძე ფილმ „სიყვარული ყველას უნდა“ გადაღებისას მომხდარ ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა:
„კახეთში ვართ ფილმის გადაღებაზე. გივი ბერიკაშვილი კახელებისთვის მიწაზე მოსიარულე ლეგენდაა და თავებს იხოცავდნენ მისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად.
მე და გივი სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს კარზე დააკაკუნეს. გავიხედე და კარის გაღებამდე მითხრეს — ჩვენა ვართ, გივიო! კარი რომ გავაღე, სიჭარმაგეში შესულ კაცს ხელში ათლიტრიანი ბოცა ეჭირა. ჩემი ღვინო მოვართვი გივისო. ბატონი გივი აქ არ გახლავთ-მეთქი, — ვუთხარი. შენ ხომ ხარ, შენც კარგი ბალღი სჩანხარო, — მითხრა, შემოვიდა და დაჯდა.
გვიანი იყო, ყველა მაღაზია დაკეტილი დაგვხვდა, საჭმელი და პურიც აღარ მქონდა. თავი უხერხულად ვიგრძენი, როგორც „მასპინძელმა“. მერე გამახსენდა, რომ პიჯაკის ჯიბეში მზესუმზირით სავსე პარკი მქონდა. დავყარე თეფშზე და შევმატე სუფრას „ლაზათი“. მაინც მოვილხინეთ და მთელი ღამე ვეხუმრებოდით ერთმანეთს — ნუ მორცხვობ, ყველაფერი საჭმელად არის მოტანილიო.
მეორე დღეს ამ პატივცემულმა სტუმარმა თავის ოჯახში გადაგვიპატიჟა მთელი გადამღები ჯგუფი. იქვე, სამზარეულოში მოფუსფუსე ქალები ჩემზე ჭორაობდნენ და ყური იმათკენ გამექცა.
— ეს ბიჭი, მეველის როლში რომ გამოდის, იგეთი ნიჭიერია, მაგრამ მსახიობი კი არა ყოფილა, — ამბობდა ერთი. — დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონდა გასაყიდად. რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვამს, ოღონდ კინოში წამოდი და დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო.
მეორემაც კვერი დაუკრა: — აი, მაგასა ჰქვია ყისმათი! ხომ შეიძლებოდა, ვერ შეემჩნია და კიტრის გამყიდველად დაბერებულიყო? ახლა კიდევ, გენაცვა, ყველა ბატონო-პატივცემულოთი ელაპარაკება, თავისთვის ქვაც აქვს და კაკალიცო“.






































































