ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დაბა ნასაკირალში 62 წლის მარგო ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულის, გოგიტა ელიაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი გაიმართა. მოსამართლე თამთა საჯაიას გადაწყვეტილებით, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესს ბრალდებული, მისი ადვოკატი ნინი გელაჭეიშვილი, პროკურორები შოთა ჩხაიძე და თორნიკე აბუსერიძე ესწრებოდნენ.
პროკურორების განცხადებით, ბრალდებულმა დანითა და სპეციალური ხელთათმებით შეიარაღებულმა, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში უკანონოდ შეაღწია დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, სადაც 62 წლის ქალს სხეულზე 60 ჭრილობა მიაყენა.
პროკურორ შოთა ჩხაიძის თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში დაიწყო, რა დროსაც ელიაძე ზოიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა:
„მან მუქარა სისრულეში მოიყვანა. ამის დამამტკიცებელი ფაქტი პროკურატურას უკვე აქვს და ამის შესახებ შემდეგ პროცესებზე აუცილებლად ვიტყვით. პირდაპირ ვიტყვი — არსებობს არაერთი მტკიცებულება“, — აღნიშნა პროკურორმა.
ბრალდების მხარემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გოგიტა ელიაძე წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. პროკურატურამ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის საფრთხეზეც ისაუბრა და გირაოს შეფარდება გააპროტესტა.
ბრალდებულის ადვოკატის, ნინი გელაჭეიშვილის განცხადებით, მისი დასაცავი პირი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და პროკურორების მიერ გაჟღერებულ გარემოებებს უარყოფს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებენ.
სასამართლოს ეზოსა და შენობაში უსაფრთხოებას ათობით პოლიციელი იცავდა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მასზე დაზარალებულის ოჯახის წევრები და ახლობლები არ გამოცხადებულან.
ორივე მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ავტორი



































































