2026 წლის ზაფხული განსაკუთრებით ნიშანდობლივი აღმოჩნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და მისი ხელისუფლებისთვის _ გადადგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები არ შეწყვეტილა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, ასე ვთქვათ, შვებულებების პერიოდში.
21 აგვისტოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
სხდომა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ დღის წესრიგში იყო საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, პაატა კუნჭულიას, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ასევე, დღის წესრიგში იყო საკითხი საკრებულოს წევრის, ტატა ბარამიძის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (მკითხველს შევახსენებთ, რომ ტატა ბარამიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ მერიის მაჟორიტარად იყო არჩეული).
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ თქვა, რომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამისი დარგობრივი კომისია განიხილავს საკითხებს: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ” და “მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე”.
მან მოკლედ ისაუბრა მომხდარის შესახებ:
_ გადადგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. წარმატებას ვუსურვებთ თავის მომავალ საქმიანობაში. ალბათ, გააგრძელებს საკუთარი პროფესიით მუშაობას. ასევე, მინდა გაგაცნოთ საკითხი: “საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” ინფორმაციის ცნობად მიღების თაობაზე. გეტყვით, რომ ჩვენ მას ვთხოვეთ, არ დაეტოვებინა საკრებულოს წევრის პოზიცია, რადგან ის სოფლის ხალხმა აირჩია საკრებულოში და ვალდებულია მათ წინაშე, თუმცა, არ დაგვეთანხმა. განაცხადა, რომ ის არის პაატა კუნჭულიას გუნდის წევრი. ეს რა თქმაა, არ ვიცი. ჩვენ, მეგობრებო, დათო დარჩიას ან პაატა კუნჭულიას გუნდი კი არ ვართ, “ქართული ოცნების” გუნდის წევრები ვართ ყველა. არ ვიცი, ზოგს ეგონა, ალბათ, დაიშლებოდა საკრებულო. თუმცა, აქ ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას, _ უთხრა ბიუროს წევრებს დავით დარჩიამ.
დარჩიამ, ასევე თქვა, რომ გაზაფხულზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მერის არჩევნების გარდა, სოფელ მერიის მაჟორიტარსაც აირჩევენ.
ბიურომ ცნობად მიიღო ეს ინფორმაცია და მალე მას საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
ბიუროს სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი: “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ”.
თუ რას ნიშნავს, პირველ რიგში, ზომამცირე გემი და შემდეგ რა უნდა მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებით, ასეა ახსნილი _ “გურიის, კონკრეტულად კი ურეკის სანაპირო ზოლში, გახშირდა რიგით დამსვენებელთა თავნებობა, რომლებიც ე.წ. “სკუტერით” ისე დაქრიან წყლის ზედაპირზე, რომ იყო შემთხვევა, როცა ერთ–ერთი მათგანი პირდაპირ სანაპიროსკენ გაემართა და ბედნიერი შემთხვევის წყალობით ზღვის ნაპირას მყოფი ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ. ასეთი პირები ხშირად ეურჩებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს და ისეც ხდება, რომ ფიზიკურადაც იწევენ მათზე“.
რაც შეეხება ზომამცირე გემს, ასე შვიდ მეტრზე ნაკლები სიგრძის მცურავ საზღვაო ტრანსპორტს უწოდებენ.
მომდევნო ნაბიჯებს, თუ როგორ მოხდება ბაზირების პუნქტების განსაზღვრა ურეკის სანაპირო ზოლში და რა შედეგს გამოიღებს ეს, ალბათ, მომდევნო საზღვაო სეზონზე ვნახავთ.
საბოლოოდ, 21 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რვა საკითხზე სრულად იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივ კომისიებს დაევალათ შემდეგი საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება:
“მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების თაობაზე”;
“მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ”;
“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამისი დარგობრივი კომისია განიხილავს “მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ”, “მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე” და “საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” ინფორმაციის ცნობად მიღებას.
ასევე, მორიგ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ “მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” განკარგულების პროექტებს.
21 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე განხილული საკითხების ნაწილის ისევ განხილვა ოთხი დღის შემდეგ, 25 აგვისტოს გამართულ სხდომაზეც გაგრძელდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომას კვლავ დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, წარმოადგინეს დადგენილების პროექტი: “მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ”.
საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა ამ საკითხის ირგვლივ ისაუბრა.
_ ეს პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარებას. წარმატებული პროექტია. ერთხელ უკვე განხორციელდა ჩვენს მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტი და წარმატებული ბენეფიციარები გვყავს, _ თქვა მან და დავით დარჩიას კითხვაზე, თუ რატომ დააბრუნა ერთხელ ეს პროექტი მერიამ, განმარტა, რომ მაშინ რეორგანიზაციის პროცესი იყო და პროექტი ამიტომ გაიწვიეს.
საკრებულოს წევრმა ბექა თოიძემ სხდომაზე მოკლედ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე. მან თქვა, რომ ეს იქნება მცირე გრანტი, რომელიც მთლიანად დაფინანსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეების განვითარებასა და გაძლიერებას.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ”.
აღნიშნული საკითხი წინა ბიუროს სხდომაზეც წარმოადგინეს და მოხდა მისი დაზუსტება.
საკითხის ირგვლივ საკრებულოს წევრმა დავით ჭაკნელიძემ ისაუბრა და თქვა, რომ მოსახლეობის მხრიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე ხდება ზომამცირე გემების ბაზირების ადგილების განსაზღვრა:
_ ადრე ამ სერვისით სარგებლობდნენ ადამიანები, რომელთაც მოწესრიგებული არ ჰქონდათ დოკუმენტაცია. მომავალი წლიდან უფრო სრულყოფილად განისაზღვრება ბაზირების საკითხი. ზღვისპირა ზოლი, სადაც ბაზირება მოხდება, სიგანით 25 მეტრი და სიგრძით ასი მეტრი იქნება. ეს იქნება კომერციული დანიშნულების საქმიანობა. დღეისთვის არის ათი მეწარმე. ამ ყველაფერს ითხოვს სასაზღვრო პოლიცია, _ თქვა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებაში ნათქვამია, რომ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტად უნდა განისაზღვროს დაბა ურეკში, ზღვის აკვატორიაში, სანაპიროს გასწვრივ 25 მეტრისა და სანაპიროდან 100 მეტრის სიღრმეში ტერიტორია, მოქალაქე ალ. გუჯაბიძის განცხადების საფუძველზე, განცხადებაში ასახული კოორდინატების შესაბამისად.
ასევე მოხსენიებულია დანარჩენი მეწარმეების მიერ, მათი ვინაობის მითითებით, შემოსული განცხადებები.
სხდომაზე აღნიშნეს, რომ ყველას საკუთარი ზოლის პერსონალურად დაკავება სურს და არ (ვერ) თანხმდებიან იმაზე, რომ ერთ ზოლში ორმა ან სამმა ადამიანმა იმუშაოს.
საკითხი საბოლოოდ დასრულებულად მიიჩნიეს და მასზე უახლოეს მორიგ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებენ.
საკითხზე _ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე” _ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების პროექტებზე საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა ისაუბრა:
_ძირითადი მიზანი არის საგზაო უსაფრთხოება და აუცილებელია დიდი, ტვირთმზიდი მანქანების მოძრაობის დარეგულირება. ასევე გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება, _ თქვა მან.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დასვა კითხვა, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.
მარიკა ჩხიკვიშვილმა უპასუხა, რომ პასუხისმგებელი იქნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ აღნიშნული ინსპექციის “ჯანდაბა უფროსი” (როგორც მან ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსთან” საუბარში საკუთარ თავს უწოდა) არის გენადი კიშინსკი.
თუ რამდენად უზრუნველყოფს ის ოზურგეთში მძიმე ტვირთმზიდი მანქანების მოძრაობის დარეგულირებას, ძნელი სათქმელია, რადგან ჯერ საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ უნდა იყოს წესების დაცვაზე მკაცრად მომთხოვნი.
ამ მხრივ კი აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში ახლახან ნახეს, მისი ოჯახის წევრმა მანქანა სწორედ იქ გააჩერა, სადაც დგომას სხვებს უკრძალავს.
საპატრულო პოლიციის მოთხოვნაზე, საბუთები წარედგინა, მანქანის მფლობელმა უარი განაცხადა მოტივით _ არ მაქვსო (?!). საბოლოოდ, როგორც იქვე შენიშნეს, კიშინსკიმ აუარა და ჩაუარა დაძაბულად მოსაუბრე მისი ოჯახის წევრსა და პატრულს.
საბოლოოდ, როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ჯარიმა არავისთვის გამოუწერიათ…
ისმის კითხვა: როცა იმავე ადგილზე დგომისთვის სხვებს აჯარიმებს (ან აჯარიმებინებს) და თან საკრებულოს აბრალებს, რომ გადაწყვეტილებას ისინი იღებენ _ მე ვინ ჯანდაბა ვარო _ მუნიციპალური ინსპექციის ასეთი უფროსი მძიმე ტვირთმზიდების მოძრაობის მოწესრიგებას ან გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას შეძლებს?
ავტორი






































































