სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 22 767 მსჯავრდებული იყო. ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამავე წყაროს ცნობით, 2025 წელს ქვეყანას ჰყავდა 11 153 პატიმარი – 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ესეც რეკორდული მაჩვენებელია.
მსჯავრდებული – ეს არის ადამიანი, ვისაც სასამართლომ რამე სახის სასჯელი განუსაზღვრა – იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ არასაპატიმრო სასჯელი, როგორიცაა პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა ან სხვა სახის სანქცია.
პატიმარი – არის ადამიანი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მედიაში მსჯავრდებულთა შესახებ სხვადასხვაგვარად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და განმარტა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეს მონაცემები მოიცავს „როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს – რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან…მათი მონაცემებით, „2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.“
რატომ განსხვავდება პენიტენციური სამსახურის რიცხვები საქსტატის მონაცემებისგან?
როგორც ექსპერტები ამბობენ, პენიტენციურ სამსახურსა და საქსტატის წლიურ სტატისტიკას შორის სხვაობა იმით აიხსნება, რომ პენიტენციური სამსახურის მონაცემი ასახავს მხოლოდ მსჯავრდებულებს – პირებს, რომლებსაც სასამართლომ უკვე მიუსაჯა სასჯელი, ხოლო საქსტატის მონაცემი ითვლის ციხეში მყოფ ყველა პირს, მათ შორის იმ ბრალდებულებსაც, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში არიან და საბოლოო განაჩენი მათთვის სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.


































































