ყველას აქვს ნანახი ფილმი „ქალის სურნელი”. ალბათ ერთხელ მაინც ყველა მანდილოსანს უნატრია, ალ პაჩინოს გმირთან – ფრენკ სლეიდთან ერთად თავად ეცეკვა ტანგო და ყველა მამაკაცს მოსდომებია, ისე შეეგრძნო ქალის სურნელი, როგორც ამას უსინათლო პოლკოვნიკი ახერხებს.
დავიწყოთ იმით, რომ პოლკოვნიკის პარტნიორს, ტანგოს ცეკვისას ოთხჯერ მაინც უქრება საყურეები, მომხიბვლელი ასულის ყურებს ხან უმშვენებს სამკაული, ხან კი არა!
როდესაც ჩარლი სიმსი პირველად ხვდება უსინათლო პოლკოვნიკი ვისკის სვამს. მოგვიანებით, როდესაც იგი ცხარობს და 40 აზიდვაზე იწყებს საუბარს, ჭიქაში სასმელის რაოდენობა შესამჩნევად მცირდება, ცოტა ხანში კი ისევ მატულობს. ფილმის დასაწყისში, ჩარლის სამსახურზე რომ იყოლიებენ, ქალს ახალდაბანილი ბავშვი პირსახოცში ჰყავს გახვეული. შესამჩნევია, რომ შემდეგ ეს პირსახოცი კადრში სულ სხვადასხვანაირად ჩანს.
უცნაურობას აქვს ადგილი მადლიერების დღის სუფრაზეც. რძალი სახელად გრეტჰენი, ამბობს, რომ უეცრად მოსული სტუმრებისთვის წავა და სუფრასთან ადგილებს დაამატებს. შემდეგ ხდება ისე, რომ იგი არსად მიდის და სტუმრებიც თავად უახლოვდებიან მაგიდას, სადაც მათთვის განკუთვნილი ადგილი ისედაც არის.
თუკი დრამატიზმი ძალიან გძაბავთ, როდესაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლკოვნიკი ჩარლის იარაღით ემუქრება, ერთი წუთით მაინც შეეცადეთ ყურადღება ცეცხლსასროლიდან პოლკოვნიკის ჰალსტუხზე გადაიტანოთ. ერთ კადრში იგი გულმოდგინეთ შეკრულია, შემდეგ მოშვებული, შემდეგ ისევ შეკრული და აი ასე განწყობისდა მიხედვით!..