საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფილკლორის ცენტრს ეწვია და კონცერტს დაესწრო.
კონცერტის შემდეგ პრეზიდენტმა ,,ნამდვილი საგანძური” უწოდა ქართულ ფოლკლორს და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული ფოლკლორის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ.
,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფებოდი ამ კალანდაზე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, რომ დავესწარი ამ მშვენიერ კონცერტს. ეს არის ნამდვილი საგანძური საქართველოსი. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ გვაქვს ძალიან დიდი ძალა, ის თაობა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ეს თაობა არ იქნებოდა, რომ არა თქვენ, ბატონო ანზორ და თქვენნაირი ნიჭიერი ადამიანები. ბატონო დირექტორო ამ ფოლკლორის ცენტრის, მე აღფრთოვანებული ვიყავი, როცა თბილისში დავესწარი ფოლკლორის ცენტრის სამი წლის ანგარიშს. არ მეგონა, რომ ასეთი დიდი საქმე კეთდებოდა, აქ კი კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვარ. აქ კეთდება კიდევ უფრო დიდი საქმე. ვცდილობ, ყველგან ჩავიდე, მიყვარს მიმოვლა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან არის ეს შემართება. მგონი, რომ ჩვენ არამხოლოდ არ გვემუქრება გადაშენება, მაგრამ ამაზე არც უნდა ვიფიქროთ,იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალა, მთავარია, ის ჩვენს თავში დავინახოთ. ჩვენ განწყობის ხალხი ვართ და ჩვენს განწყობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. თუ ყველაფერს ვუყურებთ და ვიძახით “რა გვეშველება” , არაფერი არ გვეშველება. სამაგიეროდ, თუ განწყობა იქნება დაყრდნობილი ასეთ რეალურ საქმეზე და იმ მომავალზე, რომელიც იქმნება დღეს, მაშინ ჩვენ მართლაც გვექნება ყველანაირი რესურსი, ძალა, დავძლიოთ გამოწვევები. ჩვენს თავში ჩავიხედოთ და დავინახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან ძლიერი და ძალიან ბევრი რესურსი გააჩნია, აქვს ძალიან დიდი წარსული და რაც მთავარია მოდის ძალიან დიდი მომავლით,”_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.