ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი სირბილაშვილი ორი წლის განმავლობაში შვეიცარიაში გააგრძელებს სწავლას – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინის დედა, მაკა რუსიეშვილი ავრცელებს.
„ოცნებებიდან რეალობამდე
როდესაც შვილი მიზნად ისახავს დიდ ოცნებებს და შენს თვალწინ, თავისი დაუღალავი შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ აქცევს მათ რეალობად, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!
ნინი ბოლო ორ სასწავლო წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში, შვეიცარიაში, International School Altdorf-ში გაატარებს! მან მოიპოვა სრული, 100%-იანი დაფინანსება წელიწადში 70 000 შვეიცარული ფრანკის ოდენობით
100% – იანი შეფასება ყველა გამოცდაში!
ჩვენი გოგო ჩაირიცხა IB (International Baccalaureate) პროგრამაზე, საიდანაც მას გზა ეხსნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისკენ.
ეს სკოლა მსოფლიოში სწორედ STEM მიმართულებით არის ძლიერი და გამორჩეული. აღჭურვილია უახლესი, უმაღლესი დონის ყველანაირი რესურსით, რაც ნინუცას ინტერესის სფეროა.
ალტდორფის საერთაშორისო სკოლის ისტორიაში ნინი პირველი ქართველია , რაც კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა მისთვის.
ამ შედეგს წინ უძღვოდა უამრავი საფეხური, მიღწევები, თავდაუზოგავი შრომა და უდიდესი სურვილი სწავლის ასეთი დონის სასწავლებელში გაგრძელების“ – წერს მაკა რუსიეშვილი.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ნინი სირბილაშვილს.































































