დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის და მისი მეგობრების, ლუკა ჩხიკვაძის და დავით სიმონიშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მოსამართლე ია ბარამიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სამივე მათგანი ონლაინ ჩართეს. ბრალდებულების ადვოკატებმა ისევ დააყენეს მათი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების საკითხი, მაგრამ მოსამართლემ ძველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
დავით შარაშიძის, ლუკა ჩხიკვაძის და დავით სიმონიშვილის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე თქვეს, რომ სამივე მათგანი ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
დავით შარაშიძის და ლუკა ჩხიკვაძის ადვოკატის მაია თავაძის თქმით, კანონით გათვალისწინებულია, ზოგადად, ბრალდებულთათვის აკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა ყოველ ორ თვეში.
„ დღეს გადაისანჯა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების ან შეცვლის საკითხი, თავისთავად პროკურატურას ჰქონდა ისევ ის პოზიცია, რომ პატიმრობაში დარჩენილიყვნენ ბრალდებულები… მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი შუადმგომლობა და სამივე მათგანი დატოვეს ისევ პატიმრობაში,“ – გვითხრა მაია თავაძემ.
„გურია ნიუსმა“ სცადა დღევანდელი სხდომის შესახებ ოზურგეთის პროკურორი ელგუჯა ადეიშვილი ჩაეწერა, მაგრამ მან ჩვენთან საუბარზე უარი თქვა.
„მეჩქარება“, შემდეგ პროცესზე ჩაგეწერებით“ – გვითხრა ელგუჯა ადეიშვილმა. შემდეგი სასამართლო პროცესი 29 მაისს ჩაინიშნა. სავარაუდოდ ამ დღეს ბრალდებულები სიტყვით გამოვლენ.
შეგახსენებთ, რომ დავით შარაშიძეს, ლუკა ჩხიკვაძეს და დავით სიმონიშვილს გამოძიება პოლიციელის ჯგუფურად ცემას ედავება. ყოფილ მაღალჩინოსანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. შემდეგ გირაო ისევ პატიმრობით შეუცვალა. წარდგენილი ბრალის მიხედვით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

































































