მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის” ჟურნალისტი.
ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი იწყება.
როგორც ცნობილია, ცხრავე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით აქვთ ბრალი წარდგენილი, რომელიც სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს.
კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა, თუმცა ქუთაისის პოლიციამ რეაგირება მხოლოდ 6 თებერვალს გადაწყვიტა. 5 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ” მედიის შემზღუდავი ახალი კანონმდებლობის მიღება დაანონსდა.
მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხიდან სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
პროკურატურა მას პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავება. უკანონო ბრალით მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეკრების მონაწილეთა ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაიცავენ.
„გურია ნიუსმა” სასამართლოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ლადო აფხაზავა და გივი ცინცაძე ჩაწერა.
“მოსამართლის სახლთან ძალიან სპონტანურად ჩატარდა აქცია. ასეთ მშვიდ აქციაზე მე პირველად ვიყავი.
მსგავსი პატარა აქციების თუ ეშინია ხელისუფლებას, უკვე წარმომიდგენია, რა სიტუაციაში არიან”, _ გვითხრა ლადო აფხაზავამ.
“2020 წლიდან დღემდე აქციებზე ყოფნის გამო არაერთხელ დამაკავეს, დამაჯარიმეს. ჯარიმები, რომელიც შეაგენს 14 550 ლარს, არ გადამიხდია.
რას უნდა ველოდებოდე სანქცირებულ სასამართლოსგან? თუ ახალი კანონით ისარგებლა მოსამართლემ, 15 დღიდან 60 დღემდე პატიმრობას ან 5 000-ლაარიან ჯარიმას….
თუ შევარდნაძის დროინდელი კანონით ისარგებლა, რომელიც მიღებულია 2001 წელს, მაშინ 15 დღიანი პატიმრობა მელოდება“, _ გვითხრა გივი ცინცაძემ.