მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, წევრი ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და ღირებულებები – როგორიცაა პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა და სოლიდარობა – არის ის იდეა, რაც ევროკავშირში შემავალი 27 სახელმწიფოსა და მის 446 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.
ევროკავშირი უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც უკანასკნელი 70 წლის მანძილზე უწყვეტად ვითარდება. ევროკავშირი ხელმძღვანელობს შეთანხმებებით, კანონქვემდებარე აქტებით, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული დებულებებით, დირექტივებითა და რეკომენდაციებით, რაც ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასთან ერთად არის იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებსაც იღებენ ევროკავშირის საბჭო (წარმოადგენს ეროვნულ მთავრობებს), ევროპარლამენტი (წარმოადგენს ხალხს), ევროკომისია (ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებისგან დამოუკიდებელი ორგანო და იცავს საერთო ევროპულ ინტერესებს) და სხვა ევროკავშირის ინსტიტუტები და ორგანოები.




































































